რა გსურს შენ?

"იმის ცოდნა, რომ წაგებულ ბრძოლაში ვიბრძვით, ბრძოლისთვის თავის დანებების მიზეზად არ გამოდგება."
პოლ ოსტერი, ჯ.მ კუტზე - "აქ და ახლა"
წერილები (2008-20110)

 ორიგინალური არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომ ფსიქიკური აშლილობა ხშირ შემთხვევაში მაშინ ჩნდება, როდესაც ადამიანი ვერ ახერხებს თავისი პიროვნების სათანადო რეალიზებას. საქმე იმაშია, რომ არსებობენ ავტორები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ არსებობს ე.წ. "ორგანიზმული შეფასებითი პროცესი"(როჯერსი,1902-19870) რაც გულისხმობს ადამიანის (თანდაყოლილ) უნარს თავად განსაზღვროს თვითაქტუალიზაციის გზები. 

 ამ ყველაფრის მოყოლა იმისთვის მჭირდება, რომ უკეთ გავიგოთ რამდენად საშიშია "იდეალური მეს" ჩამოყალიბება სხვის მიერ, აკრძალვების დაწესება და "რელური მეს" უგულვებელყოფა. ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებში კარგად ვხედავთ იდეის, თუნდაც რელიგიის სახით შექმნილი ავტორიტეტის დამანგრეველ შედეგებს ადამიანთა ქცევაზე. პირადად მე, მოცემულ მოვლენაში  ყველაზე დიდი ტრაგედია იმაში დავინახე (რა თქმა უნდა უდანაშაულო მსხვერპლის შემდეგ) რომ დღეს, XXI საუკუნეში არსებობენ ადამიანები, ვისაც არ გააჩნია პიროვნება. ჩვენს საუკუნეში არსებობენ მოსიარულე დამოკიდებულებები და სტერეოტიპები და მათი არსებობა შემოიფარგლება A პუნქტიდან B პუნქტში კონკრეტული მიზნით გადაადგილებაზე. პოლიტიკაში ცუდად ვერკვევი, მაგრამ ასე მგონია სადღაც, დასაწყისში ვიღაცამ განგებ ან უნებლიედ გადაუხვია ჰუმანიზმის იდეას და ძალაუფლება ადამიანთა გადარჩენაზე წინ დააყენა. ავტორიტეტებზე დამოკიდებული, ბრბოდ ქცეული ადამიანთა მართვა რომ მარტივია ჩემზე უკეთ ახსნეს და დაწერეს კიდეც, მაგრამ თუკი დავფიქრდებით და ისტორიას ჩავხედავთ მივხვდებით, რომ არაფერი შეცვლილა. შედეგი ერთია - ჩვენ ისევ ერთმანეთს ვხოცავთ. 

 პარიზის ტრაგედიას, როგორც ყვლა დანარჩენ მოვლენას, მდუმარედ შევხვდი. ეჭვი მაქვს ადამიანებს თავი მოვაბეზრე ჩემი ეგზისტენციალური იზოლაციებით, მაგრამ ზემოთ ხსენებული ნიუსის მოსმენისას შოკის მერე კმაყოფილება ვიგრძენი. უნდა ვაღიარო რომ გამიხარდა ჩემი ჩაკეტილობის და ასოციალურობის გამო, ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება და უნდობლობა ადამიანების მიმართ რაღაცნაირად გამართლდა, ტკივილსაც ახსნა მოეძებნა. ირვინ იალომი თავის ერთ-ერთ ძალიან მაგარ ნაშრომში წერს: "არსებობს ტკივილი. ტკივილი, რომელიც ყოველთვის ჩვენთან არის, რომელიც ყოველდღიურობაში იმალება და რომელსაც ასე ადვილად შეგვიძლია შევეხოთ". 

პარიზის მოვლენების შემდეგ როგორც იქნა სახლიდან გასვლა მოვახერხე და ჩემი საუკეთესო მეგობარი ვნახე. ის ძლიერი გოგოა. სოციალური და მეტად აქტიური, წერს და სამყაროში ბედნიერების შემჩნევის განსაკუთრებული უნარით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა მას საუკეთესო პერიოდი აქვს,შეხვედრისას მოწყენილი მომეჩვენა. უეცრად "ჭორაობა" შეწყვიტა და მკითხა - რა განსხვავებაა კოგნიტურ ფსიქოლოგიასა და ჰუმანისტურ ფსიქოლოგიას შორისო. მოკლედ ვუპასუხე და ჩემი "ჩაკეტილობის" თემას მივუბრუნდი. თათომ მოულოდნელად თვითგვემა შემაწყვეტინა და ანერვიულებულმა მითხრა: "შენ იდეალური ხარ და სწორად იქცევი". საუბარი დავასრულეთ, ბევრი ვიცინეთ და სახლში წამოვედი.

საქმე იმაშია, რომ ჩემი მეგობრის სიტყვებმა შემაშინა.ის ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ჩემს ჩაკეტილობას. 
რა მოხდა? - მთელი ღამე ვეკითხებოდი თავს, ჩაძინების დროს კი ანტონიონის "წითელი უდაბნოდან" კადრი მესიზმრებოდა, თითქოს მონიკა ვიტის მაგივრად მე ვიდექი ქარხნის ყვითელი გამონაბოლქვის ფონზე მწვანე პალტოში გამოწყობილი. რაღაც არ მასვენებდა და ბოლოს მივხვდი - თათოს იმედი გაუცრუა კაცობრიობამ. ყველა შემოქმედებითი წვა ამაო აღმოჩნდა, ყველა შემოქმედი უშედეგობის განცდით და დისჰარმონიით იტანჯება. 

არ ვიცი როგორ უნდა შევაჯამო ჩემი პოსტი და იმაშიც ეჭვი მეპარება ჩემი სათქმელი სწორად გადმოვცე, ამიტომ მოკლედ ვიტყვი. არ მინდა, რომ შემოქმედებს იმედი გაუცრუვდეთ და ბრძოლა წაგებულად ჩათვალონ. ღრმად მჯერა, რომ ერთადერთი იარაღი ადამიანთა გადარჩენისთვის შემოქმედებაა. კუტზეს და ოსტერის დიალოგში ვკითხულობთ: "მწერლები და ზოგადად ხელოვანები დამარცხდნენ, რადგან წამყვანი როლის შენარჩუნება ვერ შეძლეს და სწორედ ამის გამოა, რომ დღეს ჩვენ უფრო ღარიბები ვართ". 

ჰუმანისტური ფსიქოლოგია კი სწორედ იმით განსხვავდება კოგნიტურისგან, რომ სააზროვნო კონსტრუქციების ნაცვლად აქცენტი ადამიანთა თვითაქტუალიზაციაზე კეთდება. 

მე ვფიქრობ, რაოდენ ინფანტილურად და არასერიოზულადაც უნდა ჟღერდეს ჩემი ნათქვამი, დროა კაცობრიობამ სწორად შეარჩიოს აქცენტები. დროა ომებში დავმარცხდეთ და სამაგიეროს გადახდის სურვილის ნაცვლად აღზრდის პროცესებზე ვიფიქროთ. 





Comments

Popular posts from this blog

ჯემალ ქარჩხაძე - ქარავანი

სოციალური გავლენის სახეები და მათი მოქმედების მექანიზმები

აკა მორჩილაძე - ობოლე