ჯემალ ქარჩხაძე - ქარავანი

წაკითხულ წიგნებს სამ ნაწილად ვყოფ: 1. წიგნები, სადაც მაძიებელი გმირის მითოლოგემაა გამოყენებული და მთავარი გმირი (თუ გმირები) ეშენბახის პარიცფალს ემსგავსებიან. უფრო მარტივად რომ ვთქვა, ის წიგნები სადაც მინიშნება პიროვნების თვითსრულყოფის პრობლემატიკაზე კეთდება. 2. წიგნები, სადაც მთავარი აქცენტი კეთდება სოციალური ქცევის ნორმებზე და/ან რომელიმე ეპოქის თავისებურებებზე. 3. და ყველაზე რთული ნაწილი, წიგნები სადაც ავტორი მკვლევარის როლში გვევლინება და მისი მთავარი მიზანი არის ინდივიდუალურ და ფსიქო-სოციალურ ფენომენებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის მოძიება. ეს უკანასკნელი კატეგორია, გამომდინარე თავისი დესკრიფციულ-ექსპლიკაციური შინაარსიდან საკმაოდ რთული და მრავალწახნაგოვანია და თითქოს პირველ ორ კატეგორიას აერთიანებს. სწორედ ამ უკანასკნელ კატეგორიას მიეკუთვნება ჯემალ ქარჩხძის "ქარავანი".
ნაწარმოების მთავარი გმირი აბელი ობოლი ბიჭია, რომელსაც მამის ხატი სადღაც, "მორალის კიბის" უმაღლეს მწვერვალზე წამოუსვეს დედამ და ნათესავებმა. მოგვიანებით აბელი აღმოაჩენს, რომ გმირი მამა, რომელიც მამაცია შესაძლებელია არ იყოს იდეალური, რომ სიმამაცე ერთ-ერთი თვისებაა, რომელიც თავისთავად დასაფასებელია, მაგრამ შესაძლებელია სხვა ბევრ არცთუ ისე სასიამოვნო თვისებების გვერდით თანაარსებობდეს ადამიანში. დასაწყისშივე, აბელის ბავშვობაში, იკვეთება მისი ერთ-ერთი წამყვანი პიროვნული ნიშანი, ის ნონკონფორმისტია, არ ცვლის საკუთარ შეხედულებებს საზოგადოების თუ ავტორიტეტის დაკვეთის მიხედვით, აღიზიანებს სიყალბე, რომელსაც ბავშვობაში პაპაზე დაკვირვების შედეგად ხედავს. აბელი თავის პორტრეტს ქმნის, რომელიც ჩემი აზრით შუა საუკუნეებში რენესანსის დაბადებას გავს. უფრო უკეთ რომ ვთქვათ, გარემოში, სადაც აქცენტი კოლექტიურ ცნობიერებაზე კეთდება აბელი ახერხებს დახატოს პორტრეტი, სადაც გმირის ხასიათი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფონი. პირველი მნიშვნელოვანი მომენტი საკუთარი პორტრეტის შექმნაში არის ის, რომ აბელი წასვლის გადაწყვეტილებას იღებს, რითიც ემსგავსება მაძიბელ გმირს. მცდელობა რა თქმა უნდა უშედეგოდ ჩაივლის, მაგრამ საკუთარი პიროვნების ძიება მთავარ მოტივად გასდევს მთლიანად აბელის არსებობას. ამ ყველაფერს მოსდევს მისი პირველი სიყვარული, პირველი მეგობარი, რომელიც გარკვეულწილად აბელის მხსნელია, პროფესიის არჩევა, შემდეგ შეცვლა, პროვინციულ ქალაქში ჩასვლა სამუშაოდ და ადამიანები, რომელთაც მნიშვენელოვანი შტრიხები შეაქვთ აბელის პიროვნებაში.

რაც შეეხება ნაწარმოების მეორე მთავარ გმირს, კერძოდ კი საზოგადოებას, აქ ავტორი წარმოგვიდგენს ყოველგვარი ნამდვილი ღირებულებებისგან დაცლილ საზოგადოებას. პროვინცია, სადაც სნობიზმი მეფობს, სადაც რა თქმა არსებობს ფსევდოინტელექტუალთა თავშეყრის ადგილი ქალბატონი სალომეს სალონის სახით, სადაც არსებობს პროვინციული თეატრი (აბელი მსახიობია), არსებობს პასიური პროტესტი, რომელსაც ზოგიერთი მოქალაქე ოთხზე დგომით გამოხატავს, ზოგიერთი სარკაზმით, ზოგიერთი მატერიალისტურ ცხოვრებაზე უარის თქმით. მოკლედ ჩვეულებრივი პროვინცია, სადაც უპირობოდ აფასებენ "ქალაქიდან ჩამოსულ" ინტელექტუალებს, რომლებიც გაუნათლებლები რა თქმა უნდა არ არიან, თუმცა მათი კულტურა ნებით თუ უნებლიედ მაინც ფსევდოა (საქართველოა რა). საზოგადოებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონაჟები არიან  გედეონ რევია თავისი ცინიკური მანერებით და თეოსოფი სამსონი, რომელსაც არიმანის დამანგრეველი ძალა ელანდება ყველგან. ეს ორი ადამიანი ბევრნაირად შეიძლება "გაიშიფროს". სული და გონება, იუნგის მიხედვით ალბათ აზროვნება და ინტუიცია, უფრო თუ ჩავუღრმავდებით სუპერ ეგო და იდი, მაგრამ ცალსახად მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხოლოდ ეს ორი ადამიანი აჟღერებს სხვებთან შედარებით ღირებულ თემებს.

"რელიგიას ერთი დიდი ნაკლი აქვს: ზედმეტად დემოკრატიულია. ამის გემო რელიგიაში ხშირად რწმენას კი არა, თავშესაფარს პოულობენ, სადაც თავიანთ დაუკმაყოფილებელ პატივმოყვარეობას, უწიგნურობის კომპლექსსა და ინტელექტის სიღარიბეს მალავენ " -გედეონ რევია   

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გედეონისეული ერის და საზოგადოების პროგრესის გააზრება, რომ ერი შედგება ინდივიდებისგან და ვიდრე ერთი ადამიანი მაინც იარსებებს რომელიც სამიკიტნოს წინ ოთხზე დადის, სწორედ ის იქნება საზოგადოების სახე. ამგვარი გააზრებით გედეონ რევია მაგონებს მიგელ დე უნამუნოს, თავისი ინტრაისტორიული კონცეფციით. რაც შეეხება აბელის პიროვნებას, ის უფრო და უფრო უახლოვდება ჭეშმარიტებას და "გრაალის თასს", კიდევ უფრო შეუწყნარებელი ხდება სიყალბეების და საზოგადოების მიმართ და ერთ მშვენიერ დღესაც აღმოაჩენს, რომ მისთვის სულერთია მთავარ როლს ითამაშებს თუ მეორადს. თავად ავტორი ძალიან საინტერესოდ განმარტავს პოპულარობას:

 "პოპულარობა ხომ დამოკიდებულია არა შემოქმედის ნიჭზე, არამედ მომხმარებლის გემოვნებაზე! ხოლო აქედან გამომდინარე პოპულარობა ისაა, რომ უარი თქვა საკუთარ გზაზე, შენი ნიჭი მომხმარებელთა საეჭვო გემოვნებას დაუმორჩილო და საკუთარ თავს უმტკიცო, რომ ვისაც მოსწონხარ, სწორედ მას აქვს მაღალი და დახვეწილი გემოვნება".

აბელი არ თვლის რომ მის მომხმარებელს დახვეწილი გემოვნება აქვს, სწორედ ამიტომ არაფრად აგდებს შესრულებულ როლს. აბელის პორტრეტში ერთ-ერთი მნიშვნელოვნი შტრიხია მეძავი ანი, რომელიც აბელს თავისთან მიჰყავს საცხოვრებლად. ჩემი აზრით, აბელი მხოლოდ ანიში ხედავს ნამდვილობას, ამ მეძავ გოგონაში არ არის სიყალბე და ხელოვნურობა, ის ნამდვილია და სწორედ ამიტომ ხდება ჩვენი მთავარი გმირისთვის ძვირფასი.

მოკლედ, ამ წიგნის წაკითხვა ნამდვილად ღირს. იყო რაღაცები, რაც არ მომეწონა, მაგალითად ზედმეტად ზანტი თხრობის მანერა, რაც ქარჩხაძის სხვა ნაწარმოებებში არ იგრძნობა და ასე შემდეგ, მაგრამ "ქარავანი" ჭეშმარიტად ღირებული და კარგი ნაწარმოებია.





Comments

Popular posts from this blog

აკა მორჩილაძე - ობოლე

სოციალური გავლენის სახეები და მათი მოქმედების მექანიზმები