ერთ მშვენიერ დღეს

"If you want the rainbow, you must have the rain."

მოყოლა ალბათ იქიდან უნდა დავიწყო, რომ რამდენიმე ხნის წინ როგორც იქნა ბოდბეში ჩავედი. მიყვარს ეს სოფელი. სხვა ვერ გაიგებს ამ სიყვარულს. ჩემი ახნის უნარი კი ამგვარ საკითხებში მოიკოჭლებს, ამიტომ დარჩეს ყველაფერი ისე, როგორც არის.

მოკლედ, სიცხიანი ჩამოვედი. იმუნიტეტმა ამჯერადაც მიმუხთლა.
მაინც რა უბედურებაა სუნთქვის გაძნელება, ცხელება, გმინვა და ოხვრა.
აი კომფორტის საზღვრებიდან რომ გამოგიყვანს და ბრძოლაში მიწასთან გაგასწორებს, ისეთი ვირუსი მჭირდა.

საშინელია გაზაფხულის დღეები.
სულ რაღაცის მოლოდინში ხარ.
სიყვარული, თბილი დღეები, წვიმები, ვნებათა ღელვა (რამდენადაც ეს შესაძლებელია), ყველანაირი აურზაური.
ხმაურია.

სენტიმენტალური არ ვარ, (უფრო აზროვნებითი სფეროს, მომცრო ზომის, ერთი შეხედვით ადვილად დასაძლევი და უმწეო ქალი ვარ), მაგრამ ხომ არის გაზაფხულის სადიზმით გაჟღენთილი, თავდასხმისთვის სამხედრო მზადყოფნაში მყოფი დღეები, როცა ცა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე იღრუბლება და უბრალოდ თვალები გინდა დახუჭო.

არა, ძილს მაინც ის მირჩევნია წვიმის გადაღებას დაველოდო.

დავიღალე.

ისე ამ დღეებში, რამდენიმე ჩემს ახლობელთან საუბრის შემდეგ ვფიქრობდი, რომ უიღბლობამ მიჩვევა იცის. ჩემი აზრით მას უჩვეულოდ მომხიბვლელი სიჩუმე და სევდა ახლავს თან. სხვათაშორის ამგვარმა სევდამ შესაძლებელია განსაკუთრებულადაც კი გვაგრძნობინოს თავი. სასაცილოა მაგრამ, წარუმატებლობის დროს იმის იმედი მაინც ყოველთვის აქვს ადამიანს, რომ თუკი წარმატება იგვიანებს ესეიგი ცხოვრება რაღაც განსაკუთრებულისთვის გამზადებს. უიღბლოები მუდმივად უმეორებენ საკუთარ თავს "ერთ მშვენიერ დღესაც"... "ერთ მშვენიერ დღესაც"... და ასე გადის წარმოდგენილი წარმატებით გაფერადებული, ნამდვილ ბენიერებას გვერდავლილი, არსებობის უფლებაჩამორთმეული, საინტერესო ცხოვების მომლოდინე დღეები.

სადღაც შორიდან შეიძლება გაიგოთ კიდეც შეძახილები: "ეჰეი! ეს მშვენიერი დღე დღეს არის"..
მაგრამ ჩვენ არ გვესმის. ადამიანები ვართ, ადამიანობის გამო არ გვესმის. სმენით ჰალუცინაციებს უფრო მარტივად მივაწერთ ამგვარ გაგონილ ხმებს, ვიდრე რეალობას.

რისი ბრალია ეს ყველაფერი? იქნებ საკუთარი თავისთის "მშვენიერი დღის" შექმნა გვეზარება? ან იქნებ.... ბევრი კითხვაა და ბევრი პასუხი. ჰუმანისტური ფსიქოლოგიის წარმოადგენელი ან აღმოსავლური სიბრძნის მოყვარული რომ ვიყო ალბათ დავწერდი, მშვენიერი დღეები ჩვენშია, ან რაიმე ინტრაფსიქიკური მექანიზმებით ვცდიდი აღმეწერა ეს ყველაფერი. სხვათაშორის ცუდად არ გამომდის ფსიქოლოგიური ტერმინებით თამაში. მაგრამ ამჯერად მეზარება.

ამ ბოლო დროს ხელოვნებამ გამიტაცა. სხვათაშორის გომბრიხის კითხვაც გავრისკე. ჰოდა მოდის რიგის მიხედვით ასე.. ეგვიპტე და მესოპოტამია, საბერძნეთი და ელინური ხანა, რომაელები და მათი ტაძრები, ღმერთები, მერე ქრისტიანთა ღმერთი და მისი ხელოვნება, დორიული, რომანული, ინტერნაციონალური სტილი, ჯოტო და სიმონე მარტინი, იან ვან ეიკი, რენესანსის დაბადება და ასე, შეიძლება ითქვას დაუსრულებლად...

Annibale Carracci, The Penitent Magdalen in a Landscape
ჰოდა აბა წარმოიდგინეთ ამ ყველაფრის მერე თავს რომ აწევ (თავი ხელოვნებათმცოდნესთან გათანაბრებული მგონია ხოლმე კითხვის დამთავრებიდან მინიმუმ 3 წუთი მაინც.) და რაღაც უმიზნო შოუში ვიღაც ტუჩებგადიდებული გოგო ჩხავის, მაგის ჩხავილს კიდევ არაუშავს, ტელევიზორიდან რამდენიმე ადამიანი გვიმტკიცებს რომ ეს ყველაფერი ლამაზია.. მოკლედ, პროვინციალიზმის ზეიმია.

რამდენიმე ხნის წინ ანტიკურ ნაწარმოებებს მივუბრუნდი, გაკვირვებისგან ლამის გული წამივიდა. იმას მივხვდი, რომ არსებობს რაღაცები რაც სხვადასხვა ასაკში წასაკითხია. დიადი ჰელიოსის შთამომავალ მედეას ამბავზე მინდოდა კიდეც დაწერა, მაგრამ ვერ გავბედე. აბა როგორ შეიძლება გაბედო ევრიპიდეს ნაწარმოებზე დაწერო და აქეთ პაზოლინის  გენიალური მედეაც არ დაგავიწყდეს. არა, ამას მთელი თვე უსაქმურობა სჭირდება.

იმდენი ხანია ამ უშინაარსო პოსტს ვწერ, რომ ამასობაში გავიდა კაი ხანი, მე ვირუსმა გამიარა, დავუბრუნდი ჩემს ბედნიერ ცხოვრებას. ჰოდა ცოტას შევახარბებ კიდეც ჩემს ძველ დღეებს ახლანდელს. ახლა კვირაა, გაზაფხულის გრილი დილა, lee morse-ს ძველი მუსიკა და ცხელი ყავა. ყველა საყვარელი ადამიანი ადგილზე, წინ გომბრიხის ხელოვნების ამბები და გვერდით ძველი ფილმების სია. შეიძლება ითქვას რომ ძველი დრამების და უიღბლობების შემდეგ დადგა ჩემთვის ის "მშვენიერი დღე", რომელიც უბრალოდ მშვენიერია და მის მშვენიერებას სხვა ვერც ვერავინ ვერ გაიგებს ჩემ გარდა.

ჰოდა ბედნიერი სურვილებით გემშვიდოებით,
მომავალ პოსტამდე..


Comments

Popular posts from this blog

ჯემალ ქარჩხაძე - ქარავანი

სოციალური გავლენის სახეები და მათი მოქმედების მექანიზმები

აკა მორჩილაძე - ობოლე