მშობლების განქორწინების ზეგავლენა ბავშვზე

საქართველოში, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში განქორწინების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება.
1960 წლიდან განვითარებულ ქვეყნებში განქორწინების რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა. ამერიკის შეერთებულ შტატებში განქორწინების ყველაზე მაღალი კოეფიციენტია მსოფლიოში.
არსებობს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული მონაცემები, თუმცა სტატისტიკური მონაცემები ზუსტ სურათს ვერ იძლევა, რადგან საქართველოში ხშირია მხოლოდ საეკლესიო წესით, სამოქალაქო რეგიტრაციის გარეშე ქორწინებაც. ამ  თვალსაზრისით შედარებით მეტად სანდოა სოციოლოგიური კვლევები, თუმცა საქართველოში ამგვარი კვლევები მცირე რაოდენობით და მცირე მასშტაბებით არის განხორციელებული.
რადგან განქორწინება სულ უფრო ფართოდ გავრცელებული მოვლენა ხდება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს შეკითხვა, თუ რა გავლენას ახდენს ეს უკანასკნელი მოზარდზე.  მრავალი მკვლევარი, ფსიქოლოგი და ფსიქიატრი გამოთქვამს აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით. შეკითხვაზე თუ რა გავლენა აქვს განქორწინებას მოზარდზე პასუხი რა თქმა უნდა აღმაშფოთებელია. როგორც კვლევები გვიჩვენებს მშობლების დაშორება მოზარდის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ნეგატიური მოვლენაა. ეს ცხოვრებისეული მოვლენა ხდება საკუთარ თავში გაურკვევლობის, დაურწმუნებლობის და მღელვარების მიზეზი. განქორწინების ფაქტი მოზარდებში ასევე იწვევს  ისეთ შედეგებს, როგროიცაა შფოთვა, დეპრესია და სხვადასხვა ქცევითი დარღვევა. მკვლევართა ჯგუფები ასევე აღნიშნავენ, რომ „განქორწინების შემდეგ მოზარდებს ესიზმრებათ კოშმარები, ავლენენ აგრესიას, აქვთ დაბალი აკადემიური მოსწრება, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და ნარკოტიკებზე დამოკიდებულება.“ (Barber & Demo, 2006; Kelly & Emergy, 2003; Knox, 2000)
ჰელენ ჰანსაგი, ლენა ბრანდო და სვენ ანდერსონი იკვლევდნენ შვედი ახალწვეული მამაკაცების ლონგიდუტური კვლევის მონაცემებს, სადაც მშობლების განქორწინება უკავშირდება უდება უფო დაბალ ფსიქოსოციალურ კეთილდღეობას მოზარდობაში და უფრო ხანგრძლივ პერსპექტივაში, ფსიქიატრიული დაავადებების(შიზოფრენია და ალკოჰოლიზმი) და სიკვდილიანობის უფრო მაღალ მაჩვენებელს საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, რომელსაც შეადგენდნენ შვილები, რომელთა მშობლები არ იყვნენ განქორწინებულნი.
მოზარდი იძულებულია შეეგუოს იმას, რომ ერთ-ერთი მშობელი არ არის სახლში, რაც ბუნებრივია მასში იწვევს სევდას, მწუხარებას, აგრეთვე ეჭვსა და ტკივილს. აქვე უნდა ითქვას, რომ დაშორების შემდგომი განცდები აისახება მოზარდზე, როგორც პირველ წლებში ასევე ხშირად ზრდასრულ ასაკშიც და უფრო მეტიც, ხშირად უკვე საკუთარ შექმნილ ოჯახშიც.
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების უმეტესობასთან ეს სიმპტომები აღმოიფხვრება რამდენიმე წლის შემდეგ, განქორწინებას შესაძლოა ჰქონდეს გრძელვადიანი გავლენა და აღნიშნული პრობლემები ინდივიდებს გაჰყვეთ მოწიფულობის ასაკშიც. (Amato1999)
მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ:
1.    ემოციური რეაქციები მშბელთა დაშორების შემდეგ
2.   პრობლემები, რომლებიც თავს იჩენს ადაპტაციის პერიოდში
3. უფრო შორეული პრობლემები, როგორებიცაა დაშორების გავლენა მოზარდის მომავალ პიროვნებად ჩამოყალიბებასა და წარმატებებზე.

მოზარდის პირველი რეაქციები მშობლების დაშორებაზე
ბავშვის რეაქციები დაშორებისას შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი იმის გათვალისწინებით თუ რა ასაკისაა ბავშვი და ასევე იმ ფაქტორების გათვალისწინებით რომელიც თან ახლავს განშორებას. ეს ფაქტორებია: როგორ ვითარებაში დაშორდნენ მშობლები, იყო თუ არა მათ შორის მწვავე კონფლიქტი, ბავშვის თანდასწრებით განიხილებოდა თუ არა წარმოქმნილი პრობლემები, ასევე ეკონომუირი მდგომარეობა. შემდგომი დამატებითი სტრეს ფაქტორი შესაძლებელია გახდეს ბავშვის ახალ სკოლაში გადაყვანა, ბინის გამოცვლა, ასევე ხშირია შემთხვევა, როცა  ერთ-ერთი მშობელი განმეორებით ქორწინდება. მაგალითად, „ამერიკის შეერთებულ შტატებში განქორწინებული მშობლების 60% ხელახლა ქორწინდება“.
მნიშვნელოვანია მშობელმა ყურადღებით ადევნოს თვალი ბავშის რეაქციებს.
მშობელთა დაშორების შემდეგ მოზარდის 7 ყველაზე გავრცელებული რეაქცია
1.    მოზარდი ხვდება, მაგრამ არ იღებს დაშორების ფაქტს
2.    მოზარდი გრძნობს იმედგაცრუებას, წყენას.
3.    ის გრძნობს თავს მიტოვებულად, იმ მშობლის მიერ რომელიც მასთან არ ცხოვრობს
4.    ცდილობს მშობლებით მანიპულირებას არსებული სიტუაციის გამოყენებით.
5.   ხდება იდეალური, ან პირიქით იქცევა გამომწვევად, აცდენს სკოლას და დაკავებულია ისეთი საქმით რაც რისკთან არის დაკავშირებული(ნარკოტიკები, ქურდობა)
6.    უგულველყოფს ერთ-ერთ ან ორივე მშობელს
7.    მოზარდი უარს ამბობს გრძელვადიან ურთიერთობებზე.
მშობელთა განქორწინებისას მოზარდის უშუალო რეაქციები უმეტეს შემთხვევაში არის საკმაოდ ბობოქარი. გამოკითხული მოზარდების შეფასებით, იმ მრავლობით ცხოვრებისეულ მოვლენებიდან, რომლებიც იწვევს სტრესს მშობელთა დაშორება იკავებს მე-4 ადგილს, მშობელთა სიკვდილის, და-ძმის სიკვდილის, ახლო მეგობრის სიკვდილის შემდეგ. 
მას შემდეგ რაც ერთ-ერთი მშობელი (ხშირ შემთხვევაში მამა) ოჯახიდან მიდის ბავშვებს ეშინიათ, რომ ვეღარ გააგრძელებენ მასთან ურთიერთობას. განსაკუთრებით აშინებთ მდგომარეობის შეცვლა, რაც დაკავშირებულია ადგილის შეცვლასთან. ბავშვებს, განსაკუთრებით კი მცირეწლოვან ბავშვებს აშინებთ ის რომ შესაძლებელია ერთი მშობლის დაკარგვას მოყვეს მეორეს დაკარგვა და აღმოჩნდნენ ბავშვთა სახლში. ბავშვები და მოზარდები მშობლების დაშორების შემდეგ კარგავენ უსაფრთხოების შეგრძნებას, მათ აღელვებთ ის, თუ ვინ შეიძლება იზრუნოს მათზე. კამათმა და დაძაბულობამ მშობლებს შორის შესაძლებელია მოზარდი მიიყვანოს იქამდე, რომ ყველაფერში საკუთარი თავი დაადანაშაულოს.
იმისათვის რომ მშობლებმა დაწიონ ტრამვული რეაქციების რისკი, მათ თავი უნდა შეიკავონ მოზარდის თანდასწრებით კამათზე, ასევე რამდენადაც შესაძლებელია შეინარჩუნონ გულწრფელობა. მნიშვნელოვანია რომ არ დაავიწყდეს მშობელს მოზარდის ასაკი და მისი ინდივიდუალური თვისებები, საჭიროა განსაზღვროს რამდენად გასაგებად და სწორად შეუძლია შვილს მომხდარის აღქმა და რაც მთავარია მშობელს უნდა ახსოვდეს, რომ მოზარდისთვის, რომელიც ზრდასრული და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის ემზადება ეს სტრესი შესაძლოა მნიშვნელოვანი დაბრკოლება აღმოჩნდეს ცხოვრებაში.
ადაპტაციის პრობლემები მშობლების განშორების შემდეგ
მშობელთა განშორების შემდეგ მოზარდში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად შეიძლება ჩაითვალოს მოზარდის ადაფტაციის მოშლა მის ყოველდღიურ ცხოვრებაში.
გამოკვლევებმა ცხადყო, რომ მშობლების განქორწინების შემდეგ პირველი ერთი წლის განმავლობაში, ვლინდება აგრესიული დამოკიდებულება როგორც თავისი ტოლი, ასევე სხვა ასაკის ბავშვებისადმი, რომელთაც მშობლები განქორწინებული არ ჰყავთ. ასევე ავლენენ დიდი რაოდენობით შფოთვას და არიან უფრო დეპრესიულები.
  როგორც ზემოთ აღვნიშნეთ მწვავე და სკანდალური გაყრის დროს განსაკუთრებით დიდია გავლენა მოზარდის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, შესაბამისად, არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ სკანდალური დაშორება ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია მოზარდის შემდგომი ადაპტაციისთვის. ასევე გასათვალისწინებელია მოზარდის ინდივიდუალური მახასიათებელი, თუ როგორ აღიქვამს მომხდარს.
ზოგიერთი მოზარდისთვის მშობლების განქორწინება შესაძლოა უფრო მომწიფებული ქცევის მაპროვოცირებელი გახდეს. ამ ახალგაზრდებმა შესაძლოა სიამოვნებით აიღონ მეტი ტვირთი თავის თავზე, საშინაო საქმეები, მზრუნველობაში, პატარა და-ძმის დაცვასა და დეპრესიულ და მშფოთვარე დედის ემოციურ მხარდაჭერაში.
მოზარდის წარმატებული ადაპტაციისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია თვითონ მშობელთა ადაფპტაციის ხარისხი და ის რამდენად ახერხებს თავად მშობელი თავი შეიკავოს დეპრესიული და ემოციური ქცევებისგან. ასევე მნიშვნელოვანია ყოფილი ცოლ-ქმრის ურთიერთობა და ის თუ რამდენად ხშირი შესაძლებლობა აქვს მოზარდს სახლიდან წასული მშობლის ნახვის.
რამდენიმე ავტორი გვთავაზობს გზებს, თუ როგორ შეიძლება მოვახდინოთ მოზარდისთვის ნაკლებად მტკივნეული გაყრა:
1.   მშობელმა უნდა ისწავლოს ყოფილ მეუღლესთან სიმშვიდის შენარჩუნება და მშვიდად საუბარი. თუ სკანდალი გარდაუვალია უმჯობესია მოზარდი მოვარიდოთ არსებულ სიტუაციას.
2.   მომხდარის დამალვა შედეგს არ მოიტანს. ტყუილი და თავის მოჩვენება ბევრად აშინებთ მოზარდებს უმჯობესია შვილმა სიმართლე იცოდეს.
3.  დაუშვებელია ერთმა მშბელმა შვილი განაწყოს მეორე მშობლის მიმართ უარყოფითად. უცილებელია მშობელმა თავი შეიკავოს ამგვარი ქმედებისგან.
4.    როდესაც მშობელი შვილს განქორწინების მიზეზებს უხსნის, სასურველია თავი შეიკავოს მეორე მხარის დადანაშაულებასთან. მოზარდს ორივე მშობლის თანაბრად უნდა სჯეროდეს, მან კარგად უნდა იცოდეს რას ელოდოს, როგორი იქნება მისი დამოკიდებულება დედასთან და მამასთან, შეხვდება თუ არა მათ. როდესაც მშობლები შორდებიან მოზარდისთვის აუცილებელია იცოდეს, რომ მშობლები განაგრძობენ მის სიყვარულს და მუდამ იზრუნებენ მასზე. თუ განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მშობლის ღალატი გახდა უმჯობესია მოზარდმა ეს არ იცოდეს, რათა არ შეილახოს მშობლის ავტორიტეტი.
მოცემული წყაროები შესაძლებლობას იძლევა გამოვყოთ მთელი რიგი პრობლემები, რომლებიც უკავშირდება არამხოლოდ განქორწინებულ ოჯახში დარჩენილ ბავშვს, არამედ მშობელსაც. კერძოდ, მშობელთან დაკავშირებული პრობლემები გამოიხატება მის ემოციურ მდგომარეობაში. ასევე იმაში, რომ მას აღარ ექნება მორალური, სოციალური, მატერიალური მხარდაჭერა რომელსაც მანამდე უზრუნველყოფდა მეუღლე. რაც შეეხება მოზარდის პრობლემებს, მას ელოდება საკმაოდ დაძაბული ცხოვრება ერთ მშობელთან ერთად, მას აღარ ექნება შესაძლებლობა დააკვირდეს ახლო და ჰარმონიულ ურთიერთობებს ორ მოზრდილ ადამიანს შორის, ეს კი ის ფაქტორებია, რომელიც აუცილებლად აისახება მის ცხოვრებაზე, განცდებზე და გრძნობებზე.
მშობელთა განქორწინების გავლენა მოზარდის აკადემიური მოსწრებაზე
სუსან ბრაუნი (Susan L. Brown) თავის სტატიაში მიმოიხილავს 2000 წლის შემდგომ პერიოდში გამოქვეყნებულ შრომებსა დ კვლევებს, რომლებიც განქორწინების საკითხს ეძღვნება. სტატიის თანახმად უკანასკნელი წლების მანძილზე იზრდება ბავშვის კეთილდღეობაზე ქორწინების დადებითი ეფექტის დამადასტურებელი ფაქტები. ბავშვებს, რომლებიც იზრდებიან ორი, დაქორწინებული, ბიოლოგიური მშობლის ოჯახში, უკეთესი სოციალური, კოგნიტური, ქცევითი და აკადემიური შედეგი აქვთ მათ თანატოლებთან შედარებით, რომლებიც იზრდებიან სხვა ფორმის ოჯახებში. 
რამდენიმე მკვლევარი კიდევ უფრო აკონკრეტებს საკითხს და აცხადებს, რომ ბავშვები და მოზარდები, რომელთა მშობლებიც განქორწინებულნი არიან, ავლენენ უფრო ცუდ შედეგებს მათ თანატოლებთან შედარებით, რომლებიც ცხოვრობენ სტაბილურ ოჯახში, სადაც ბიოლოგიური მშბლები დაქორწინებულები არიან. ეს შედეგი ეხება კეთილდღეობის სხვადასხვა ასპექტს.
მოზარდებს უკეთესად შეუძლიათ გაიგონ, რომ მათი მშობლების განქორწინება გამოიწვია აზრთა ძლიერმა განსხვავებამ, მეტოქეობამ და ერთმანეთზე ზრუნვის ნაკლებობამ-ეს ის მოსაზრებაა, რომელმაც შეიძლება ცოტათი მაინც შეამციროს მათი ტკივილი. მაგრამ მაინც ძალიან ბევრი სასკოლო ასაკის მოზარდი მძაფრად რეაგირებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოჯახური კონფლიქტი დიდია და ბავშვებზე მეთვალყურეობა მცირე. ამ დროს მოზარდები ისეთ არასახარბიელო აქტივობებს ესწრაფვიან, როგორიცაა სკოლის გაცდენა, სახლიდან გაქცევა, ადრეული სექსობრივი ურთიერთობები, ცუდი აკადემიური მოსწრება კი მასობრივია. 
  მშობელთა განქორწინების გავლენა სხვადასხვა სქესის მოზარდებში
საინტერესოა როგორ აღიქვამს განსხვავებული სქესის მოზარდი განქორწინებით გამოწვეულ სტრესს. ერთნაირად აფასებს თუ არა განსხვავებული სქესის მოზარდი მშობლების განქორწინებას. რომელ სქესში მჟღავნდება მეტი ემოციურობა და მეტი მიდრეკილება შფოთვისკენ და დეპრესიისკენ. განსხვავდება თუ არა მშობლების დაშორების შემდეგ აკადემიური მოსწრების ხარისხი გოგონებსა და ბიჭებში.
კვლევების მიხედვით, მშობლების განქორწინების მომენტისთვის ბავშვის ასაკი სახელდება მომავალში სხვადასხვა ნეგატიური შედეგის პრედიქტორად. კერძოდ, მშობლების განქორწინება ადრეული ბავშვობის პერიოდში უკავშირდება მოზარდობაში - 14 წლის ასაკში შვილის შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომების მცირე, მაგრამ გაზრდილ რისკს. ამასთან, გოგონები მნიშვნელოვნად მეტად არიან მიდრეკილნი დეპრესიისა და შფოთვის სიმპტომებისკენ, ვიდრე ბიჭები.
არაერთი მკვლევარი საუბრობრობს განქორწინების შემდეგ შვილების მიერ გამოვლენილ სიმპტომთა სქესისა და ასაკის მიხედვით განსხვავებებზე. ისინი აღნიშნავენ, რომ მშობლების განქორწინება უფრო მეტად უკავშირდება დეპრესიულ სიმპტომებს შუა მოზარდობაში გოგონებთან, ვიდრე შუა მოზარდობის დროს ბიჭებთან და ადრეულ მოზარდებთან. მშობლის განქორწინების შედეგები დაახლოებით მსგავსია გოგონებთან და ბიჭებთან 10 წლის ასაკისთვის. გენდერული განსხვავებები იზრდება მოზარდობის განმავობაში. მშობლების განქორწინებასა და ბიჭების დეპრესიის სიმპტომებს შორის კავშირი არ იცვლება ასაკის მიხედვით. გოგონები ასაკის მატებასთან ერთად უფრო სენსიტიურები ხდებიან მშობლების განქორწინების დეპრესოგენული ეფექტის მიმართ.
გოგონები ზოგჯერ ინტერალიზებული რეაქციით, ტირილით, თვითკრიტიკითა და გულჩათხრობილობით პასუხობენ. უფრო ხშირად ორივე სქესის მავშვები იჩენენ მომთხოვნ, ყურადღების მიმქცევ და გამომწვევ ქცევას. მაგრამ მეურვე დედის ოჯახში ბიჭები აკადემიური, ემოციური და ქცევითი პრობლემების წარმოქმნის იდნავ უფრო დიდი რისკის ქვეშ ექცევიან.
როგორც წესი ბიჭები უფრო აქტიურები და დაუმორჩილებლები არიან. ეს ის ქცევაა, რომელიც ღრმავდება მშობლების კონფლიქტისა და არათანმიმდევრული დისციპლინის ფონზე. გამოკვლევა ააშკარავებს, რომ მშობლების განქორწინებამდე დიდი ხნით ადრე ზოგიერთი ბავშვი(უმეტესად ბიჭები) იმპულსური და ურჩ იყო-ამგვარი ქცევა უბიძგებს მათი მშობლების ცოლ-ქმრული საოჯახო პრობლემების წარმოქმნას-ასევე პრობლემა სხვა მიზეზითაც შეიძლება იყოს გამოწვეული.
გოგონებს ასევე ხშირად ექმნებათ პრობლემები თავიანთ მეურვე დედის ხელახალ ქორწინებასთან დაკავშრებითაც. მამინაცვლები არღვევენ დედა-ქალიშვილის ახლო კავშირს, რაც ხშირია მარტოხელა მშობლის ოჯახში და გოგონები მეტწილად ახალ ქორწინებაზე გაბუტვითა და რეზიზსტენტული ქცევით რეაგირებენ.
ამერიკის შეერთებულ შტატებში დედის და ვაჟის უთანხმოება, მამინაცვლის ყოლის შემთხვევაში მცირდება, ეკონომიური დაცულობის, ოჯახის საქმეების კიდევ ერთი უფროსის მიერ განაწილების და სიმარტოვის დასრულების შედეგად.

მშობელთა განქორწინების შორეული შედეგები
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სულიერი ტრამვა, რომელიც გამოწვეულია მშობლების დაშორებით, შეიძლება განსაკუთრებულად აისახოს მოზარდებზე. მრავალწლიანმა ფსიქოლოგიურმა დაკვირვებებმა ცხადყო, რომ მოზარდთა თითქმის ნახევარი, რომელთაც მშობლები განშორებულები ყავთ, ზრდასრულ ასაკშიც არიან დათრგუნულები, შეშფოთებულები, მათ აკლიათ თავდაჯერებულობა. ამ დროს  მოზარდი მოულოდნელად აწყდება სიყვარულის არამუდმივობის პრობლემას. ასე რომ, მშობლების განქორწინებას მისთვის დიდი იმედგაცრუება მოაქვს.
არ უნდა იყოს გასაკვირი ისიც, რომ „დანგრეულ“ ოჯახებში გაზრდილი მოზარდები არ ფლობენ ოჯახური კონფლიქტის პოზიტიურად გადაჭრის გზებსა და უნარს. „ამის გამო მათ ჩამოყალიბებული აქვთ ე.წ.  „განშორების მზაობა“ და ნაკლები პასუხისმგებლობის გრძნობა ოჯახურ ვალდებულებიბზე.“
ამას გარდა ასეთი ოჯახის შვილები ხშირად უფრო ადრე ოჯახდებიან, ვიდრე მოზარდები მტკიცე ოჯახებიდან. როგორც ჩანს, ასეთ ახალგზარდებს აქვთ ფსევდომოტივაცია-შეავსონ, კომპენსაცია მოახდინონ სითბოს არარსებობის. მკვლევარები წერენ, რომ მოზარდის ცხოვრებაში არსებული სირთულეები გადადის ცუდ შემგუებლობაში ზრდასრულობის დროს. ბავშვები, რომლებსაც რთული ხასიათი აქვთ და ჩართულები აღმოჩნდნენ ოჯახურ კონფლიქტში, სავარაუდოა, რომ სკოლიდან გაირიცხებიან, გახდებიან დეპრესიულები და მოზარდობაში ასოციალურ ქცევაში ჩაერთვებიან. მშობლების განქორწინება ასევე დაკავშირებულია სექსუალურობასთან და ინტიმური კავშირების ჩამოყალიბებასთან. ახალგაზრდებს, ვინც მშობლის განქორწინება გამოსცადა, სექსუალური აქტივობის მაღალი პოტენციალი აქვთ და მშობლები ხდებიან მოზარდობის პერიოდში, რასაც ხშირ შემთხვევაში ზრდასრულ ასაკში განქორწინება მოყვება.
არსებობს ვარაუდები, რომლებიც ამბობენ, რომ მშობელთა განშრებამ შესაძლოა მოზარდის ორიენტაციურლ სისტემაზეც შეიძლება იქონიოს გავლენა.
კვლევებმა აჩვენეს, რომ  მოზარდები არასრული ოჯახიდან უპირატესობას ისეთ ღირებულებებს ანიჭებენ, როგორიცაა-ემოციური სიახლოვე, სიყვარული, ბედნიერი ოჯახური ცხოვრება. ხოლო სრული ოჯახის შვილები კი ისეთ ღირებულებებს, როგორებიცაა ზემოთ ჩამოთვლილი და ამას დამატებული საკუთარი თავის მაქსიმალურად გამოვლენა, თვითგანვითარება და თვითრეალიზაცია.
ოჯახურ ცხოვრებაში განმსაზღვრელია არამხოლოდ თითოეული ოჯახის წევრის ინდივიდუალური თვისებები, არამედ სოციალური გარემოებებიც. მამა, რომელმაც ოჯახი მიატოვა ხშირ შემთხვევაში მოზარდის მიერ შეიძლება აღიქმებოდეს, როგორც მოღალატე, ამიტომ, როგორც უკვე აღვნიშნეთ ბავშვის რომელიმე სოციალურ წრეში შესვლა რთულდება. რაც ამ მოზარდებში იწვევს საკუთარ ძალებში დაურწმუნებლობას, დაბალ თვითშეფასებას და აგრესიის შეგრძნებებს.

მოზარდის პიროვნებად ჩამოყალიბება კიდევ უფრო რთულდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი მოწმენი იყვნენ ოჯახური კონფლიქტების. განსაკუთრებით ცუდად აისახება მოზარდზე, როდესაც მშობლები უგულველყოფენ მის ემოციებს და საკუთარ პრობლემებში არიან ჩართულნი. ასეთ დროს თავს ცუდად გრძნობს და გონია, რომ არავის ჭირდება. მკვლევარები ასეთ შემთხვევაში ხედავენ საშიშროებას, რომ მოზარდს შეიძლება ჩამოუყალიბდეს ისეთი პიროვნული თვისებები, როგორიცაა ადამიანების მიმართ ზიზღი, ხშირად ასეთ ადამიანებს არ გააჩნიათ ეთიკა და ზნეობრივი წესები სხვა ადამიანების მიმართ.

Comments

Popular posts from this blog

ჯემალ ქარჩხაძე - ქარავანი

სოციალური გავლენის სახეები და მათი მოქმედების მექანიზმები

აკა მორჩილაძე - ობოლე