ცოტა რამ ქალურ ცხოვრებაზე.

"ქალი არსებულის მსახურია და არა წარმოდგენილისა"
ოთარ ჭილაძე "ყოველმან ჩემმან მპოვნელმან"

დღეს 8 მარტია, ქალთა დღე. ამ დღეს როგორც წესი ბევრი ყვავილი იყიდება, ქალები ერთმანეთს ულოცავენ, მამაკაცები საჩუქებზე ზრუნავენ. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი სოციალისტურია და ამიტომ არ ღირს დიდი აჟიოტაჟი, სხვები კი უბრალოდ საჩუქრებს  ელიან. ამ ყველაფრის პარალელურად რამდენიმე საათის წინ უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ გამოაქვეყნა "სგანგაშო" წერილი, სადაც ტაქსის მძღოლებს ეგზიბიციონიზმში სდებს ბრალს და ამაზე სახელმწიფოსგან სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს. (ისე, ჩვენს ქვეყანაში სექსუალური შევიწროვება მართლა არ ისჯება).

ქალურ ამბებზე და სექსუალურ შევიწროვებაზე კი შეუძლებელია არ გაგახსენდეს პოლ ვერჰოვენის ახლახანს (2016წელს) გადაღებული შესანიშნავი ფილმი "ის ქალი". ვფიქრობ, ვერჰოვენიმ ამ ფილმით ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქალის სახე შექმნა და ალბათ ეს სახე დიდხანს შეძლებს გენდერული თანასწორობის საკითხებით დაინტერესებული ადამიანების სახელმძღვანელოს სახით იარსებოს.




ფილმის დასაწყისში ვხედავთ გაუპატიურების სცენას და მის შემდეგ ოთახში მშვიდი სახით მოსიარულე მსხვერპლს - მთავარ პერსონაჟს. აღნიშნული სცენა უკვე გვიქმნის მყარ ნიადაგს იმისთვის, რომ დავასკვნათ, ვერჰოვენი კიდევ ერთხელ უტევს ბიოდეტერმინიზმს, ვაინინგერს და რუსოს პრველივე ეპიზოდში ნაგავსაყრელზე მოისვრის და ნათელი ხდება, რომ რეჟისორი საკმაოდ ხმამაღალი განცხადებისთვის ემზადება.

მომდევნო კადრებში უკვე ახლოს ვიცნობთ მიშელს, რომელის ცხოვრებაც თანამედროვე ეპოქისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი სოციალური როლებისგან შედგება. ის ქვეყანაში ერთ-ერთი ცნობილი კომპიუტერული თამაშების ფირმის ხელმძღვანელია, სადაც მიუხედავად მამაკაცების მცდელობისა დაჩაგრონ და გაანადგურონ,  ღირსეულად ინარჩუნებს პირველობას. აქ უკვე ვხედავთ დიდ აცდენას რომელიც ეხება მითს მამაკაცის განსაკუთრებული ტექნიკური უნარ-ჩვევების  შესხებ. ამერიკელი სოციოლოგი რუთ ჰართლი გვთავაზობს თავის მოსაზრებას გენდერული სოციალიზაციის მექანიზმებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია კანალირება, რომელიც "სქესთან შესაბამისი სათამაშოებით" ქმნის გენდერულ სტერეოტიპს და როგორც წესი ხორციელდება მეურვეების მიერ, პატრიარქალური საზოგადოების დკვეთით. ვერჰოვენის გმირი არ ღებულობს გარემოს მიერ შემოთავაზებულ ნორმას, ის უბრალოდ არ მარცხდება.

მეორე სოციალური როლი, რომელიც აგრეთვე აქტუალურია არის დედობა. მიშელი დედაა, რომელმაც შეძლო და შვილი გაუშვა. მიშელის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღირსება ჩემი აზრით სწორედ იქ მჟღავნდება, როდესაც ფერადკანიანი შვილიშვილის ყოლისას (ბავშვის მშობლები თეთრკანიანები არიან) ერთადერთია, ვინც კითხვებს სვამს. ამით რა საკვირველია ვერჰოვენი თანამედროვე საზოგადოებას და პოლიტკორექტულობას დასცინის, მაგრამ ჩემი აზრით აქ მაინც უფრო მნიშვნელოვანია თავად მიშელი, როგორც დედა. მიუხედავად რძალთან და შვილთან არასახარბიელო ურთიერთობისა მან შვილი არ შეზღუდა, რაც  კიდევ ერთხელ მიგვითითებს იმაზე, რომ მიშელისნაირი ქალები არ საჭიროებენ ხელოვნურ ფალოსს, ის არაა ანანკე, რომელსაც ეროსი სჭირდება, ის (მიუხედავად ძალადობისა) კმაყოფილია კულტურით. 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიშელი მკვლელის შთამომავალია, მამამისი ყოფილი მღვდელია, რომელმაც საკუთარი მრევლი დახოცა. გარემო მუდმივად შეახსენებს მას ამ ამბავს, მიშელი ამას განიცდის და სწორედ აქ ჩანს, რომ ისიც ადამიანია :)). მას შეუძლია გაუძლოს ამ ტკივილს, მაგრამ გრძნობით ნამდვილად, შესაძლოა სხვებზე მეტადაც კი გრძნობს. ის შეცდომებსაც ხშირად უშვებს. ფაქტი, რომ მთავარი გმირი საუკეთესო მეგობრის ქმართან წევს, მას კიდევ უფრო რეალურს ხდის, რეალური წარსულით, აწმყოს ტრაგედიებით და ბუნდოვან ფერებში დანახული მომავლით. 

ფილმის მსვლელობისას მაყურებელს მუდმივად უჩნდება კითხვა: როგორ იძიებს ის შურს? მისი სიძლიერე ყველას აღაფრთოვანებს, მაგრამ რეალურად რა რესურსს ფლობს დღევანდელ, თუნდაც განვითარებულ ევროპულ რეალობაში ქალი, რომელზეც ძალადობენ? ქალი რომელსაც მარტოობა არ აშინებს, ცხოვრობს კატასთან ერთად და მეზობელი მამაკაცის თვალთვალისას მასტურბირებს. როგორ უნდა გაგრძელდეს მისი ცხოვრება თუ მიუხედავად ძლიერებისა თავს ვერ გადაირჩენს? 

ფილმის სიუჟეტი იმგვარად ვითარდება, რომ მოძალადეს, რომელიც სწორედ მისი მეზობელი ახალგაზრდა კაცი აღმოჩნდა, მიშელის (მამაკაცი) შვილი კლავს. ეს ირონია არაა, ეს ის რეალობაა, რომელიც ერთი წამით დაგვაფიქრებს და მერე შვებით ამოგვასუნთქებს. როგორც იქნა მიშელმა მოძალადე მოიშორა. რა მნიშვნელობა აქვს ვინ არის მკვლელი. მიშელი თავისუფალია და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მასზე მოძალადე მკვდარია. 

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა არის ასევე ინსტიტუტები და მათი უუნარობა, თავი გაართვან მიშელის მსგავს ქეისებს. თავად მიშელს არ სჯერა მათი და არც საჭიროებს. ის ისეთია, როგორი ქალის შექმნასაც ცდილობს თანამედროვე მსოფლიო, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ დროშებით და სლოგანებით ხელში მორბენალი ისტერიული ქალების გმინვა გაისმის გარშემო.

1993 წელს ამერიკელ გამომცემელთა ასოციაციამ სანდრა ლიპსიც ბემი დააჯილდოვა პრემიით - "საუკეთესო წიგნი ფსიქოლოგიაში". ბემი თავის წიგნში განიხილავს გენდერულ ლინზებს და აკრიტიკებს ანდროცენტრიზმს, როგორც მამაკაცზე ცენტრირებულ დაშვებას. ბემი აღნიშნავს, რომ მამაკაცის ნეიტრალურ სტანდარტად აღიარება საშუალებას აძლევს გარემოს ნორმიდან გადახრად აღიქვან ქალური გამოცდილება. უფრო გარკვევით რომ ვთქვა, ვერჰოვენის, ბემის და ჩემი აზრი ერთმანეთს ემთვევა. საქმე იმაში არაა რომ ქალები და მამაკაცები ერთმანეთისგან ფუნდამენტალურად განსხვავდებიან, საქმე არის ძლიერი ქალის აღზრდაში, რომელიც საკუთარ თავს ნეიტრალურ სტანდარტად განიხილავს,  და არა მამაკაცებთან მოჭიდავე და შეჯიბრის სულისკვეთებით განმსჭვალული ქალის შექმნაში.

ძლიერი ქალის საუკეთესო მაგალითია "ის ქალი", რომელიც სახეა იმისა თუ როგორ შეიძლება თქვა უარი შენთვის მიუღებელი სოციალური და კულტურული ცხოვრების მაორგანიზებელ პრინციპებზე და დარჩე ქალად, რომლის ფიზიკურად დამარცხება შეიძლება არც ისე რთულია, მაგრამ განადგურება - შეუძლებელი.

გილოცავთ ქალთა დღეს!

Comments

Popular posts from this blog

ჯემალ ქარჩხაძე - ქარავანი

სოციალური გავლენის სახეები და მათი მოქმედების მექანიზმები

აკა მორჩილაძე - ობოლე