რატომ?

ეს პოსტი შესაძლოა დაწყებულიყო მრავალმხრივი მიმოხილვით და მრავალთა დადანაშაულებით, ან სისტემის ლანღვით და გინებით, მაგრამ ასე არ მოხდება. ეს პოსტი იქნება უფრო ემოციური, ვიდრე სხვა, რაც კი დამიწერია.

ვეცდები დავიწყო უფრო შორიდან და გავცე პასუხი ყველა ფსევდოპატრიოტს, მათ, ვისაც ვითომდა გული შესტკივა ქვეყანაზე. ამჯერად ვეცდები ყოველგვარი მეცნიერული ახსნებისგან გვერდის ავლით, მოვახერხო და ვუპასხუო კითხვას, თუ რატომ წავედი "ნარკომანების აქიაზე, ბარიგების დასაცავად". 

ასე რომ, ძვირფასო დეიდებო და ბიძიებო, ნათესავებო და ახლობლებო, ვადაგასული, არაჯანსაღი აზროვნების მსხვეპრლებო და "პატიოსნების" უბადლო დამველებო, მოიმარჯვეთ სათვალეები, მოიმარაგეთ მთელი თქვენი ინტელექტუალური რესურსი (რომელიც, დიდი ეჭვი მაქვს არ გაგაჩნიათ) და იხილეთ სიმართლე თქვენს შესახებ.

დასაწყისისთვის მინდა აღვნიშნო, რომ კლუბში არასდროს ვყოფილვარ, არც ნარკოტიკების მომხმარებელი ვყოფილვარ ოდესმე.  ჩემი ისტორია ჩეულებრივი გოგოს ისტორიაა, ჩვენი თაობის რიგითი წარმომადგენლის,  რომელიც მთელი ცხოვრება დამოუკიდებლად ცდილობდა გამოსავალი ეპოვა, სწორად ცხოვრების გზა ეპოვა და ამისთვის ბევრ შეცდომასაც უშვებდა, თუმცა ნარკოტიკებს არასდროს გაკარებია.  ჩემი მზერა დიდი ხნის განმავლობაში იყო მიპყრობილი მშობლებისკენ, უფროსი თაობისკენ, რომელმაც დანგრეული, განადგურებული, ღირებულებებში ჩამოუყალიბებელი ქვეყნის მეტი არაფერი დაუტოვეს შვილებს. ჩვენ მოგვიწია წაგვეკითხა ისეთი წიგნები, რომელიც არასდროს ურჩევიათ ჩვენი მშობლების თაობას, მოგვიწია გამოგვეცადა 90-იანი წლები, მოგვიწია გვეპოვა ღირებულებები, მოგვეძებნა განათლების წყარო, გვესწავლა ენა, რომლითაც დანარჩენ მსოფლიოსთან კომუნიკაციას შევძლებდით, გამოვიარეთ ყველაფერი: რევოლუციები, დაპირისპირებები, ომები, სამსახურის უშედეგო ძიებათა ქარცეცხლი, ახალი ხელისუფლებები და ტერორი, ცოცხები და ათასი სიბინძურე.  და ეს ყველაფერი ჩვენი  მშობლების პროდუქტი იყო, მათი ვინც ერთმანეთს ესროდა, თაობის, რომელიც ძმათამკლვლელი ომის შემდგომ, ტრაგედიას მხოლოდ ფერად თანსაცმელში და საყურიან ბიჭში ხედავს.

ჰო, ზუსტად ასეთია თქვენი ნამდვილი სახე. ჰო, თქვენი სახე არ არის 9 აპრილის მონუმენტი, თქვენ არ გაქვთ სახე იმიტომ კი არა, რომ მე არ მეთანხმებით, არამედ იმიტომ რომ არცერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადაგიდგამთ ნარკომანიის დასამარცხებლდ, არასდროს დაგისვამთ შვილებისთვის კითხვა - რატომ?  და ახლა სხედხართ ხელში ტელევიზორის პულტმომარჯვებულები, რადგან დიდი ხანია თქვენი თაობის ძირითადი საბრძოლო იარაღი ტელევიზორის პულტი ან კომპიუტერის კლავიატურაა. სხედხართ და გებრაზებათ მონუმენტზე, რომლის დანიშნულებაც დიდი ხანია დაგავიწყდათ.
თვქენი ერთადერთი პასუხი მრავალი ახალგაზრდის უბედურებაზე კომპიუტერის კლავიატურით, პატიოსნებაზე ღაღადია. მაგრამ იცით? ქცევის შედეგებზე მითითება არაფერს ამბობს ქცევის განსაზღვრაზე. არავინ კითხულობს რა ჯოჯოხეთის გამოვლა მოუწია ადამიანს, რომელსაც დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის დღე და ღამე მუშაობის შემდეგ, გასართობად მისულს 50 ჩაფხუტიანი დახვდა. არავინ კითხულობს რატომ გაუცრუვდათ ამ ახალგაზრდებს იმედი ასე. რატომ დასჭირდა 18 წლის ბიჭს რეალობას გაქცეოდა? სხედხართ და გგონიათ თქვენი შვილი ამას არ გააკეთებს, იმიტომ რომ "ნამდვილ ქართველად" გაზარდეთ, გგონიათ რომ ჯანსაღი ცხოვრებით თქვენ ცხოვრობთ მხოლოდ და თქვენი შვილებიც, ინფანტილიზმით ავადმყოფები, გაიძახიან ცოფიანი სახეებით - "მოკალით", "გაუნათლებლები", "უპატრონოები".  გულის სიღრმეში კი თავისუფლება უნდათ, ესიზმრებათ კოშმარები და თავიანთ წარუმატებლობას მუდმივად ცხოვრებას აბრალებენ, მუდმივად უკმარისობის გრძნობა სტანჯავთ. ზუსტად ასეთია თქვენი ცხოვრება. ვისაც არასდროს უცდია თავისუფლება, მას შეცდომებიც არასდროს დაუშვია, ანუ, უფრო გარკვევით რომ ვთქვათ მის ცხოვრებას საერთოდ საზრისი არ გააჩნია.

და ამ ყველაფრის შემდეგ თუ კიდევ გაინტერესებთ რატომ ვიდექი იქ, გეტყვით, რომ ჩემი მეგობრების უსაფრთხოების გარდა, საკუთარ თავსაც ვიცავდი და საკუთარ მომავალსაც, რომ არ მინდა მსგავსი უპასუხისმგებლო ფორმით მიმდინარეობდეს თუნდაც ყველაზე საშიში მტრის დაკავება. მე, როგოგრც ამ ქვეყნის მოქალაქე, ვითხოვ დაწვრილებით და მკაფიოთ გაგვცეს პასუხი სახელმწიფომ რა საჭირო იყო ამ ფორმით დაკავება 8 შეუიარაღებელი ახალგაზრდის? დაასაბუთოს სპეც.რაზმის აუცილებლობა და ბოლოსდაბოლოს დაიწყოს ჯანსაღი ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ. თქვენთან კი, ჩემო ძვირფასო "პატიოსნებო" ბევრად მეტი კითხვა მაქვს და ეჭვი მაქვს პასუხების მოძიება გაგიჭირდებათ. არც პიროვნული, არც ინტელექტუალური და არც სიტყვიერი მარაგი არ გეყოფათ პასუხის გასაცემად, ასე რომ შეხედეთ საკუთარ ცხოვრებას შორიდან. არ გაინტერესებს როგორ ჩანს სხვების თვალში ის? :)


Comments

Popular posts from this blog

ჯემალ ქარჩხაძე - ქარავანი

სოციალური გავლენის სახეები და მათი მოქმედების მექანიზმები

აკა მორჩილაძე - ობოლე