სიყვარული ბოროტია

ვინ აკონტროლებს ადამიანის ბედს ამ სამყაროში, ტრანცენდეტური არსება თუ კანონი? პასუხი არ არსებობს, თუმცა ერთი რამ ცხადია, ადამიანს საკუთარი ნების კონტროლიც კი არ შეუძლია. 

სიხარულის, ბედნიერების, სევდის ტკივილისა და ხანდახან მძიმე უბედურების სამყოფელში სიყვარული ერთადერთია, რომელსაც შეგიძლია დაეყრდნო, მიიღო, შეიგრძნო და მიხვდე, რომ არსებობა, რომელიც დასაწყისშივე გარდაუვალი დასარულისთვისაა განწირული, ცხოვრებად მხოლოდ ამ შეგრძნების გამო შეიძლება ღირდეს. თუმცა რას გვაძლევს სიყვარული, თუ მან საკუთარ განსაზღვრებაში ერთდროულად სიკეთე და სამართლიანობა არ მოიცვა? 

ამ კითხვაზე ყველა კარგ პასუხს ინარიტუს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარი “amores perros” გაგვცემს. რეჟისორი მარტივი და თანმიმდევრული თხრობით გვახვედრებს, სადამდე შეუძლია მიგვიყვანოს ყველაზე ლამაზმა გრძნობამაც კი, თუ კი მას არასწორ ნიადაგს მოუძებნი გასაღვივებლად..

ალეხანდო და სუსანა 

ფილმის პირველ ნაწილში რომლის სახელია “ალეხანდრო და სუსანა” ვეცნობით მექსიკის დაბალი ფენის ყოფა - ცხოვრებას. ვხედავთ საზოგადოების ამ ნაწილის გამუდმებულ ბრძოლას გადარჩენისთვის და ამ ბრძოლების ყველაზე რთული და სასტიკი მხარის გაცნობიერება გვიწევს. სუსანაც ერთ-ერთი ასეთი, ღარიბი ოჯახის დიასახლისია. ის დედამთილთან, ქმართან და ქმრის ძმასთან ერთად ცხოვრობს გარეუბანში და მცირეწლოვან ბავშვს ზრდის. რამირო - სუსანას ქმარი , ფულს ბანკების და მაღაზიების დაყაჩაღებით შოულობს, ის ტიპიური მოძალადე, მოღალატე ქმარია, რომელიც გამუდმებით ძალადობს ცოლზე ფიზიკურად და ემოციურად.. რაც არანაკლებ ტკივილს აყენებს ალეხანდოს, რამიროს ძმას, რომელიც ყოველთვის მზადაა დაიცვას სუსანა და აარიდოს ნებისმიერი მოსალოდნელი საფრთხე. ალეხანდოს თანაგრძნობა უანგარო არ არის. მას სუსანა უყვარს და ყველანაირი მეთოდით ცდილობს ჩამოაშოროს მოძალადე ძმას. ამიტომ ის ერთვება ძაღლების ჩხუბის ბიზნესში და სუსანასთან ერთად იწყებს ფულის მოგროვებას გასაქცევად.  

რამდენადაც დიდი და მზრუნველია ალეხანდროს სიყვარული სუსანას მიმართ, იმდენად არასწორია მისი ქმედებები უშუალოდ ძმასთან მიმართებაში, ამის გაცნობიერებას მხოლოდ სუსანა ახერხებს და ის ქმარ-შვილთან და ფულთან ერთად ქალქიდან გარბის. ალეხანდრო განადგურებულია, ის მოატყუეს, გამოიყენეს და მიატოვეს.. თუმცა პერსონაჟს ფილმის ფინალამდე უჭირს გააცნობიეროს სრული სიმძიმით თავისი დანაშაული.. რა დააშავა ალეხანდრომ? მას გულწრფელად უყვარდა სუსანა და რამიროზე ბევრად უკეთესი ქმარი და მამა იქნებოდა.. თუმცა კი სრულიად დავიწყებული ჰქონდა ყველაზე მთავარი - აქვს თუ არა ნებისმიერ სხვა ადამიანს, მეორე ადამიანის ცხოვრებაში, ბედში ან უბედობაში ჩარევის უფლება? შესაძლებელია ჩვენ განვსაჯოთ ვისთვის როგორი ცხოვრებაა საჭირო და უკეთესი? რამიროს ბანკის დაყაჩაღების დროს მოკლავენ.. მაგრამ სუსანა ალეხანდროს არც ამის შემდეგ მიყვება თან.. გარდაცვლილი კაცის ქვრივობას არჩევს ცოცხალი ალეხანდროს ცოლობას, რადგან რამირო იყო მისი ბედი, მისი ოჯახი და როგორი საოცარიც არ უნდა იყოს მისი ერთადერთი სიყვარულიც.. სწორეც აქედან იწყება ალეხანდროს კათარზისიც.. ის ყველასგან მოშორებით უცხო ქალაქში გადადის სადაც საკუთარ მწარე გამოცდილებასთან ერთად მოუწევს იცხოვრებს მარტო, ახალი ცხოვრების დაწყების მოლოდინში..

ვალერია და დანიელი 

“მაშ ნუ მიჰყვები სხვათა გაკვალულ გზებს, შენ შენი გაიკვალე ტრიალ მინდორში, შენივ საკუთარი ნაბიჯებით” 
უნამუნო

თუ კი ფილმის პირველი ნაწილში მოქმედება მექსიკის გარეუბნებში ვითარდება, მეორე ეპიზოდში რეჟისორი იმ ადამიანებზე გვიყვება, რომლებმაც მეტ-ნაკლებად მოახერხეს მატერიალური კეთიდღეობისა და სოციალური სტატუსის მოპოვება. ერთ-ერთი ასეთი პერსონაჟია დანიელი. დანიელის ფსიქოტიპზე წარმოდგენა ეპიზოდის პირველივე კადრებიდან ექმნება მაყურებელს, მაშინ, როცა ის ცოლ შვილთან ერთად ქუჩაში გადაადგილების დროს გრძელფეხება გოგოს პოსტერს აშტერდება, მგზავრობიდან შინ მისულ ოჯახს კი იდუმალი, ამოუცნობი ზარები აწუხებთ, რომელიც რატომღაც მხოლოდ დანიელის ხმაზე არ კიდებს ყურმილს. დანიელი ეჭვმიტანილია.. ეჭვმიტანილი და შეყვარებული.. ის პოსტერზე გამოსახული გოგოს გამო ტოვებს ოჯახს და წარმატებულ მოდელ ვალერიასთან ერთად ცდილობს დაიწყოს ახალი ცხოვრება. თუმცა წყვილის ბედნიერებას პირველივე დღეს წყვეტს მოულოდნელი ავარია, რომელიც ვალერიას გარკვეული დროით სავარძელს მიაჯაჭვებს. სწორედ აქედან იწყება მათი ნამდვილი ცხოვრება. ის ცხოვრება რომელზეც არასდროს უოცნებიათ. სწორედ ამ პერიოდში იხსნება ყველაზე მეტად დანიელის პიროვნება, ერთი შეხედვით ყურადღებიანი და ყურებამდე შეყვარებული მამაკაცი მართალია განსაკუთრებული მზრუნველობით უვლის საკუთარ ცოლს, მაგრამ სრულიად ინდიფერენტულია მათთან ერთად მცხოვრები, ძაღლი “რიჩის” მიმართ, რომელიც იატაკის ღრიჭოში ძვრება, იჭედება და მიუხედავად იმისა, რომ იქ რამოდენიმე დღეს ატარებს დანიელი მის ამოსაყვანად იატაკს არ ყრის, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ეს ფინანსურად დააზარალებს. ის ეგოისტია და საკუთარ კომფორტზე შეყვარებული. თუმცა თბილი და მომთმენი ვალიერიას მიმართ, მაგრამ რამდენი ხნით??? ვალერია ისტერიკაშია. მის პიროვნებას, წარმატებას და სასურველობას მხოლოდ ვიზუალი განსაზღვრავს და ამის გაცნობიერება ერთი-ორად უმძიმებს მდგომარეობას... შემთხვევითი ზარიც არ აყოვნებს და ვალერიას პანიკური შეტევები ეწყება, ეჭვიანობა აგიჟებს. და მიუხედავად იმისა დაურეკა თუ არა ვინმემ დანიელს, მოუხედავად იმისა მართლა შეეშეალათ თუ არა ტელეფონის ნომერი, მთავარი მაინც ის არის , რომ ვალერიამ იცის - ის მოღალატე კაცთან ერთად ცხოვრობს. და სწორედ ამის გამო ნებისმიერ , თუნდაც შემთხვევით ზარს შეუძლია მთელი ცხოვრება გაუმწაროს . ვალერიას ეჭვები არასდროს მისცემენ მოსვენებას, ვერასდროს იცხოვრებს ისე , რომ სიმშვიდე მოიპოვოს და ამ მდგომარეობის გარდაუვალობას ის თვითმკვლელობამდე მიჰყავს.. ვალერია გადარჩება. მას მეორე ოპერაციის დროს ფეხს აჭრიან.. და აი სწორედ აქ დგება დანიელის კათარზისი, ის გამწარებული და გაგიჟებული ბრუნდება სახლში და ჩაქუჩით იატაკს ბოლომდე აყრის, რათა გადაარჩინოს ცოცხალი არსება და ტკივილით სიკვდილისგან დაიხსნას.. სახლში კი მეორე დღეს უკვე ფეხმოკვეთილი ვალერია მოჰყავს, რათა გააგრძელონ ცხოვრება სხვანაირ ადამიანებად გარდაქმნილებმა, საკუთარ ცხოვრებაში.. საკუთარ დამსახურებულ ტანჯვასთან ერთად..



El chivo y maru 


“სამშობლო ოჯახიდან იწყება” 
ოთარ ჭილაძე 

ფილმის მესამე, დასკვნითი ნაწილის გმირი მაწანწალაა, რომელიც ლუკმა პურს ნარჩენებში ეძებს და ფარდულში ქუჩის ძაღლებთან ერთად ცხოვრობს.. მისი ცხოვრების ისტორია წინა ორი ისტორიისგან რადიკალურად იმით განსხვავდება, რომ პერსონაჟი თითქოს გამუდმებული გვითგვემის პროცესშია, თოთქოს თავს ისჯის რაღაც ძალიან მძიმე დანაშაულის გამო და საკუთარ თავს ვერ პატიობს.. პარალელურ რეჟიმში ვხედავთ როგორ უთვალთვალებს სიატემატიურად ახალგაზრდა გოგონას და როგორ ცდილობს არფერი გამოეპაროს მისი ცხოვრებისგან. მალევე ამ ყველაფრიდან ირკვევა რომ ალვარო გერეროს პერსონაჟი, სამშობლოს კეთილდღეობისთვის საბრძოლველად საკუთარი ნებით ტოვებს ოჯახს და სახლიდან მიდის. ყოველგვარი დაპირებისა და უკან დაბრუნების გარანტიის გარეშე სამუდამოდ იღებს ხელს თავის მოვალებებსა და სიყვარულზე. ალვაროს მცდელობები უნაყოფო აღმოჩნდება, მას მალევე ციხეში სვამენ. მისი იდეები, სურვილები და სწრაფვები მართალია წმინდაა და სამშობლოს სიყვარულით სავსე, მაგრამ წარუმატებლობისთვის განწირული.. რატომ?




ფილმის ეს გმირი ძალიან დრამატულად გვაცნობიერებინებს თუ როგორი დამღუპველი შეიძლება იყოს არასწორად გაღებული მსხვერპლი და რა სავალალო შედეგებამდე შეუძლია მიგვიყვანოს მან. ალვაროს ცოლი სხვა კაცზე თხოვდება და მის შვილის სხვა ადამიანი ზრდის. ის კი ვეღარასდროს დაიბრუნებს იმას, რაზეც საკუთარი ნებით თქვა უარი და სწორედ ამიტომ მისი ცხოვრება აჩრდილის ცხოვრებას ემსგავსება, ის არის ყველგან და არსად.. საკუთარი შვილის მოჩვენება, მისთვის ხმის გაცემის უფლებაწართმეული, რადგან ადამიანის ყველაზე მთავარი და სწორი მიგნებაა გააცნობიეროს, რომ “სამშობლო ოჯახიდან იწყება და თუ ოჯახს მოუშლი კაცს, მისთვის სამშობლო ერთ დიდ, დაუსრულებელ სივრცედ იქცევა, რომელსაც არც დასაწყისი აქვს და არც დასარული რადგან ცისქვეშეთში მიწა ყველგან მიწაა და წყალი ყველგან წყალია” ადამიანის პირველი მოვალეობა პირველ რიგში საკუთარი თავისა და ოჯახია დაცვაა და ამის შემდგომ უკვე სამშობლოსი, რადგან სამშობლოს, რადგან სამშობლოს სწორედ ცალკეული ოჯახები შეადგენენ და საერთო არსებობას “ საკუთარ ფრონტზე ბრძოლა” არანაკლებ განსაზღვრავს..

ალვარო იპოვის საკუთარ თავში ძალას ცხოვრება გააგრძელოს, წარსული წარსულში დატოვოს და წინ, გასავლელი ცხოვრებისკენ და მომავლისკენ იყუროს მხოლოდ.. და “რადგან არ არსებობს მზის სინათლე წყვდიადის გარეშე, ღამე კი უნდა გამოვცადოთ, ვიგემოთ და ვიწვნიოთ” სამივე პერსონაჟის ცხოვრებაც იცვლება, ყველა მათგანს სიყვარული თავიდან ბოლომდე გარდაქმნის, ჩვენ კი იმის გარდა რომ ვიცოდეთ - სიყვარული ყველაზე ძვირფასი და მთავარი გრძნობაა ადამიანის ცხოვრებაში, ეს ფილმი გვასწავლის თუ როგორ გვიყვარდეს სწორად, როგორ გვიყვარდეს სამართლიანად....

Comments

Popular posts from this blog

ჯემალ ქარჩხაძე - ქარავანი

სოციალური გავლენის სახეები და მათი მოქმედების მექანიზმები

აკა მორჩილაძე - ობოლე