ტკბილი ცხოვრება

"მოჩვენებით მდგომარეობას ნებისმიერი სიმართლე სჯობს"
ფედერიკო ფელინი
"ტკბილი ცხოვრება"

მესამე კლასელის ერთ-ერთ სახელმძღვანელოში, სადაც მთავარი თემა ალექსანდრე მაკედონელის ცხოვრებაა, აღმოვაჩინე ჩანაწერი, ეპიტაპია ალექსანდრე მაკედონელის საფლავზე:

"ეს საფლავი საკმარისი აღმოჩნდა მისთვის, ვისაც არ ჰყოფნიდა მთელი სამყარო"

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სახლემძღვანელოებთან დაკავშირებით არც ისე ცოტა შენივნა მაქვს, ვთვლი რომ ეს არის ფუნდამენტალური ფრაზა, რომელმაც შესაძლოა ამ პატარების (და არამხოლოდ მათი) მთელი ცხოვრება შეცვალოს. უფრო კონკრეტულად, ჩემი აზრით, სიკვდილთან თვალის გასწორება, ცხოვრების ისეთად მიღება როგორიც ის სინამდვილეშია (რასაკვირველია ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით) ადამიანების აღზრდის ძირითად მიზანს უნდა წარმოადგენდეს. 

ყველაზე დიდი ბოროტება რაც შეიძლება პატარა ბავშვს გაუკეთო ესაა არსებობის მზა ფორმის შეთავაზება და იმ აზრის მოხვევა თავს, რომ მისი ცხოვრება განსაზღვრულია და მას არ მოუწევს ზედმეტად შეწუხება საკუთარი ცხოვრების მიზნის განსასაზღვრად. რომ არსებობს მამა, დედა, ბებია, დიდი ბაბუა, ან სულაც რომელიმე პლანეტა, რომელიც მის მაგივრად იზრუნებს ყველაფერზე. სხვაგვარად ამას ჰიპერმზრუნველობას ეძახიან. როცა ბავშვმა არ იცის, რომ არსებობს სიკვდილი და დამარცხება, არ უწევს არაფრის მოპოვება, როცა მისი ინტერესთა სფერო შეზღუდულია მშობლების დროის დეფიციტის, სიზარმაცის თუ ათასი სხვა გაუმართლებელი ან გამართლებული მიზეზით და როცა მიზეზშედეგობრივობა არ არის მისი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი. ამ დროს ბავშვის ფსიქიკა სხვაგვარი მოქმედების გეგმას სახავს და რაც ყველაზე მეტად შემაშფოთებელია, ტიპური კოგნიტური განვითარების შემთხვევაში, ეს არის გონივრული გეგმა ცხოვრების სტილის შესახებ. ის ნაბიჯ-ნაბიჯ იწყებს სხვების და საკუთარი ცხოვრების ნგრევას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველა თანდაყოლილი განსხვავებებით ვიბადებით, ამ ბავშვებს ერთი საერთო თვისება აერთიანებთ: ისინი ცუდად ადაპტირდებიან გარემოში და ცდილობენ საკუთარი წესების დამყარებას საზოგადოების ინტერესების გაუთვალისწინებლად. ამ ყველაფრის მიზეზი კი შიშია, შიში იმის გამო, რომ სახლში მოპოვებული აღიარება და უსაფრთხოების გარანტია სადღაც გაქრა, მისი ადგილი კი არასრულფასოვანმა ბავშვმა დაიკავა, რომელიც მოუმზადებელი აღმოჩნდა ცხოვრების მიერ დასმული პრობლემებისთვის თავის გასართმევად. მომავალში აღმოვაჩენთ, რომ ასეთი ბავშვები მოზრდილობაში ეჭვებით არიან დაავადებულები, ისინი ნაკლები სანდოობით სარგებლობენ და თითმის არასდროს მიჰყავთ დაწყებული საქმეები ბოლომდე. თანამედროვე კვლევები განამტკიცებენ აზრს, რომ მშობლების სწორი კომუნიკაცია შვილებთან, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვების პრობლემების გადაჭრასა და პრევენციაში. აკადემიური მიღწევების ზრდა სკოლაში, რთული ქცევის ინტენსივობის შემცირება, შფოთვის შემცირება, - ეს მცირე ჩამონათვალია იმ შედეგებისა, რასაც მშობელთა ფსიქოგანათლება იძლევა (E., McPhee, C., Martin, L. T., Milot, A., & Halle, T. (2017). Parents Matter: Parental Education, Parenting and Child Well-Being. Paper presented at the Society for Research in Child Development (SRCD). April 1, 2017)  თუმცა მშობლების  სწორი ფსიქოგანათლება ცალკე სალაპარაკო საკითხია, ამაზე ოდნავ მოგვიანებით.

ახლა კი ორიოდ სიტყვა ეპიტაფიასთან დაკავშირებით. ალბათ არავის გაუკვირდება, თუკი ვიტყვი, რომ ეს წარწერა ასეთი ძლევამოსილი ადამიანის საფლავზე შემთხვევითი არ არის. უფრო მეტიც, ის ვიღაცამ (სავარაუდოდ ჭკვიანმა ადამიანმა) განზრახ დააწერა, როგორც გზავნილი მომავალში, დაბნეული კაცობრიობის დასახმარებლად. სავარაუდოდ ამ ქალს (ან კაცს) კარგად ესმოდა დიდი გულისტკივილი, გულისტკივილი იმის შესახებ, რომ ადამიანი მოკვდავია და კიდევ უფრო უარესი, ის "ანაზდეულად მოკვდავია და საერთოდაც, მან ისიც კი არ იცის თუ ამ საღამოს რას გააკეთებს".  წლების, საუკუნეების და თუ გნებავთ ათასწლეულების განმავლობაში, მრავალ პრობლემათა პარალელურად მსოფლიოს დღის წესრიგში უცვლელად და ხელშეუხებლობის გარანტიით იდგა და დგას პრობლემა, რომელსაც კაცობრიობამ დღემდე ვერაფერი მოუხერხა, - ეს სიკვდილია. 

დაბადებას და სიკვდილს კიდევ უფრო რთულს ხდის ის, რომ ეს პროცესები ადამიანის ნებელობის გარეშე ხდება. რაც უნდა ბევრს მივაღწიოთ ცხოვრებაში, რამდენი ადამიანის ბედის განმკარგველებიც არ უნდა გავხდეთ, ჩვენთვის მიუწვდომელი იქნება საკუთარი სიკვდილის შეჩერება, ისევე, როგროც ჩვენს კონტროლს მიღმა იყო დაბადება. როდესაც ამაზე ვფიქრდებით, ეჭვები ჩნდება. არსებობს კი კონტროლის მექანიზმი, თუ ეს ყველაფერი ილუზია და უშედეგო მცდელობაა იმისა რომ რაიმე გავაკონტროლოთ? ასეა თუ ისე, რაღაც ყოველთვის ხელიდან გვისხლტება და ეს რაღაც სრულიად არ არის უმნიშვნელო რამ, ეს ჩვენი ცხოვრებაა, რომელიც ასე გვსურს რომ ტკბილ ამბად ვაქციოთ, მაგრამ რატომღაც ხშირად პირიქით ხდება.

სიკვდილის შიშის გარდა, არსებობს შიში და იმედგაცრუება იმის გამო, რომ ადამიანი ბუნებასთან ავტომატურად შერწყმის ბედნიერებით არ დასაჩუქრებულა. ბიოლოგიურ დონეზე, ფიზიკური თვალსაზრისით ჩვენ ვგავართ ცხოველებს, გაგვაჩნია იმუნური სისტემა, კონკურენციის უნარი, თვითგადარჩენის ინსტიქტი და მსგავსი ადაპტირების სხეულებრივი მექანიზმები, რომელიც ბუნებრივი გადარჩევის შედეგად გადმოგვეცა,  მაგრამ ამის პარალელურად, ჩვენ გვიწევს დამოუკიდებლად შევქმნათ ჩვენი არსებობის ფორმა და შინაარსი. ზემოთ აღნიშნული შფოთვა, პროექციის შემცირების ხარჯზე ცნობიერების დახვეწის შედეგად ყალიბდება და ზოგჯერ მთელს ცხოვრებას განსაზღვრავს. აღნიშნული შფოთვა, როგორც თავის არიდება ზრდასრულ ცხოვრებასთან შერიგებაზე, ხშირად ფსიქიკური ტრავმების პირველმიზეზი ხდება. წარმოიდგინეთ მუცლადყოფნის მდგომარეობა: საჭმელიც გაქვს, სასმელიც, უსაფრთხო გარემოც, მერე კი რაღაც ხდება, ჭიპლარი წყდება და გხვდება დედამიწა მთელი თავისი მოლოდინებით. ერიხ ფრომი ფიქრობდა, რომ ცნობიერების აღმოცენების პირველივე წამიდან ადამიანი ცდილობს დაიბრუნოს მუცლადყოფნის ჰარმონია. ზოგს კი ეს ძალიან ძვირად უჯდება. დაბადებამდელი ჰარმონიის მიღწევის რეგრესიული მცდელობები უამრავ ავტორთან დასახელებულია, როგორც პათოლოგია. ფრომი უფრო შორსაც მიდის და ამბობს რომ ტოტემათა გაღმერთება სწორედ ცხოველების ბუნებასთან ჰარმონიის მიმართ შურია. რეგრესიული ერთობის ძიება ცხოვრებისთვის მოუმზადებელ ადამიანს აიძულებს გადარჩენის სხვადასხვა გზა იპოვოს. პირველია უმწეო ძუძუმწოვრის როლის მორგება და ინფნტილური, მუდმივად სხვისი მფარველობის ქვეშ ცხოვრება. მეორე საყოველთაო ნგრევისკენ დესტრუქციული მისწრაფებაა, მესამე კი მარტოობა, ურყევი კედელის აშენება საკუთარი თავის გარშემო და საკუთარ უმწეობაში ჩაძირვა. ფსიქოლოგიის დოქტორი გაი ვინჩი ირწმუნება, რომ ემოციური და სოციალური გარიყულობა არის პრობლემა, რომელის დღეს კაცობრიობის მენტალური ცხოვრების ძირითადი დაბრკოლებაა. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ რთულია ცხოვრების მიღება და კიდევ უფრო რთულია თვალის გასწორება რეალობასთან.

აზრისა და სიცოცხლის მომნიჭებელი ღირებულებების დაკარგვა თითქმის ყველა რელიგიაში, მათ შორის ანტიკურ ეპოქაში და ქრისტიანულ კულტურაშიც განმეორებადი მისტერიაა:

"რაკი ისინი შეშინებულნი იყვნენ და თავჩაქინდრულნი ჩაშტერებოდნენ მიწას, უთხრეს მათ: "რად ეძებთ ცოცხალს მკვდრებში?" (ლუკა; 24,5)

ადამიანურ ღირებულებებს იუნგი უწოდებდა მედიატორს, როგორც საპირისპიროთა შემრიგებელს, რომელიც ქვეცნობიერ წყვდიადს სძლევს და მკვდრეთით აღმდგარი ადამიანებს უბრუნდება. 

მაგრამ, რა არის ეს ღირებულება? არსებობს კი ის? თუ უბრალოდ აბსტრაქტული ცნებაა თავის დასამშვიდებლად?  აღნიშნული საკითხით ვდგებით კეთილდღეობის ცნების განსაზღვრის აუცილებლობის წინაშე. ცნობილი ამერიკელი ნეირომეცნიერი, კალიფორნიის უნივერსიტეტის დოქტორი, სემ ჰარისი ამტკიცებს, რომ ადამიანის კეთილდღეობის შესახებ დასმულ კითხვებზე მეცნიერებას აქვს სწორი პასუხი. იგი თავის წიგნში (The Moral Landscape: How Science Can Determine Human Values, 2010) განიხილავს "მორალურ ლანდშაფტს" როგორც ადამიანის თავის ტვინში ლოკალიზებული ცნობიერი განცდების ფაქტობრივ დადასტურებას. არსებულ ლანდშაფტზე არსებობს მწვერვალები, რომლებსაც თავად ავტორი მისტიურსაც კი უწოდებს, ადამიანისთვის მათი მიღწევის დაბალი შანსებიდან გამომდინარე. სემ ჰარისი გამოსავალს გონებრივი სიმწიფეში და კეთილდღეობის ცნებასთან დაკავშირებით საზოგადოებრივ თანხმობაში ხედავს. თავად გონებრივი სიმწიფე კი გულისხმობს არამხოლოდ კრიტიკული აზროვნების და თვითრეფლექსიის უნარს, არამედ რეალობის იმგვარად გაცნობიერებას, რომლის დროსაც მზად ხარ გაუმკლავდე მარცხსაც და წარმატებასაც, თვალებში ჩახედო სინამდვილეს, რომლის ბოლოშიც სიკვდილი გელოდება. ყოველგვარი ავტორიტეტის გარეშე შეძლო სრული პასუხისმგებლობა აიღო ცხოვრებაზე, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა გულისხმობს სრულ გათავისუფლებას ფალატიზმისა და სტერეოტიპებისგან. კარგ მაგალითად შეიძლება გამოდგეს ფილმი, "ზრდასრული ადამიანის უნარები" (რეჟ. Rachel Tunnard) სადაც საინტერესოდაა გადმოცემული ინფანტილური ადამიანის ფსიქოლოგიური კრიზისი. ცარიელი ცხოვრების მთელი აბსურდულობა და კრახი. მთავარი გმირის ინერტულობა და დანგრეული ცხოვრება სწორედ მოუმწიფებლობით არის გამოწვეული.

მრავალი კვლევა, უამრავი ფსიქოლოგი, ადამიანები პირადი გამოცდილებით ამტკიცებენ, რომ ცხოვრების მიღება ისეთად, როგორიც ის არის, ხდის ადამიანს სრულყოფილად ბედნიერს, ხოლო ცხოვრებას აქცევს ტკბილ ამბად. ჰაიდეგერი გვეუბნება, რომ "ნივთებს ისეთად ყოფნის უფლება უნდა მივცეთ როგორებიც არიან." აღმოსავლური რელიგია უფრო თავდაჯერებულია აღნიშნულ საკითხში. მაგალითად, ძენ-ბუდიზმი უარს ეუბნება ავტორიტეტებს და მფარველ ანგელოზებს ადამინების ცხოვრებაში. ის, გამორიცხავს რა მზამზარეულად მიწოდებულ არსებობის ფორმებს და მცნებებს, ადამიანებს ცხოვრების ხელოვნებას ასწავლის და ნაკლებად ინტერესდება ტრანსცენდენტული ამბებით. უფრო კონკრეტულად, საჭიროა მეტად ღია ვიყოთ ცხოვრებაში მომხდარი ამბების მიმართ, ვისწავლოთ გაუცხოების დაძლევა, ვიყოთ ემოციურად გაჯერებულები და შევიგრძნოთ საკუთარი ინდივიუალურობა, ჩვევაში მოვიყვანოთ გრძნობების მთელი გამისგან, - თავბრუდამხვევი აღტაცებიდან მტკივნეულ იმედგაცრუებამდე, სიამოვნების მიღება.

ჩემი პროფესიის ადამიანებს კარგად გვესმის, რომ ყველაზე რთული ბავშვის აღზრდაში მისი წვრთნაა. წვრთნა, რომელიც მასში ჩადებული პოტენციალის სრულ რეალიზაციაზეა პასუხისმგებელი. ასე რომ, ასწავლეთ შვილებს, რომ დიდი იმპერატორები უძლურები არიან სიკვდილის წინაშე, რომ წარუმატებლობა შესაძლებელია ახალ შესაძლებლობად, ანდაც უეკთეს რაიმედ - იუმორად აქციონ, რომ მათ უნდა ჰქონდეთ გარემომცველ სამყაროზე დაკვირვების და ქმნადობის უნარი, უთხარით რომ იმედგაცრუებისგან თქვენ ვერ დაიცავთ, მაგრამ არსებობს გზა, რომელიც ასწავლის შეიმსუბუქოს ტკივილი, რომ ამ პროცესში თქვენ მის გვერდით იქნებით და რომ ეს გზა არდანებება და პასუხების მუდმივი ძიებაა.

ჰო, ადამიანი განწირულია მუდმივი ძიებისთვის და ვინ იცის, იქნებ ესაა მისი ბედნიერებაც და უბეურებაც. ერთი რამ ცხადია, თუკი თვალებს ფართოდ გავახელთ მივხვდებით, რომ მხოლოდ ამგვარი ცხოვრების, სამყაროსთან სრულყოფილი ერთობის და მასზე რეაგირების შესაძლებლობით იღება კარი, რომლის მიღმაც ტკბილი ცხოვრება იწყება.





Comments

Popular posts from this blog

ჯემალ ქარჩხაძე - ქარავანი

სოციალური გავლენის სახეები და მათი მოქმედების მექანიზმები

აკა მორჩილაძე - ობოლე