მელანქოლია, როგორც ცხოვრების წესი

"ყოველი დაბადება კოსმოსიდან მოწყვეტასა და გამიჯვნას, ტანჯვით ხელახლა ქმნადობას ნიშნავს. იმისთვის, რომ კოსმოსში დაბრუნდე, უარი თქვა სავალალო განკერძოებაზე და ღმერთად იქცე, ისე უნდა გააფართოვო საკუთარი სული, რომ მან ხელახლა ჩაიტიოს მთელი სამყარო"
ჰერმან ჰესე


 
 თბილ კლიმატში ცხოვრება ბევრად მოსახერხებელია. დადიხარ ჰაეროვნად ჩაცმული და თუ ძალიან მოინდომებ, შეუმჩნეველი დარჩები ბევრისთვის. თუმცა, ალბათ მჭიდროდ დასახლებულ, პატარა ქალაქში ძნელია გულუბრყვილოდ გჯეროდეს უჩინმაჩინის არსებობა. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ არავინ გაცდის გაბრუებულმა იქექო ქვეცნობიერში, როცა ქალაქი მორიგი ტკივილებით და ტრაგიკული თავგადასავლებით დატვირთულ ახალ დღეს იწყებს, მორიგი დღის განაცრისფრებისთვის ემზადება. 
  
არადა ლამაზად თენდება ამ ქვეყანაში. მაგრამ როგორც სახლის კარს ვაღებ და ნაბიჯს ვდგამ, ისეთი გრძნობა მეუფლება თითქოს ლარს ფონ ტრიერის ფილმში ვარ და "მელანქოლია" მეჯახება, ვიცი რომ ვერ გავიქცევი, აღსასრულია ყველგან. პირველი აზრი, რომელიც თავში მომდის დამღლელი დღის დასაწყისში ასეთია - "დედამიწიდან ვერ გავიქცევი". მერე იწყება ჩვეულებრივი დღე, ნელ-ნელა მუქდება და საღამოს უკვე სრულად დედამიწური ელფერი აქვს.     

ტრანსპორტში ვჯდები, ვუყურებ ადამიანებს და ვფიქრობ, გამუდმებით ვფიქრობ, ნეტა ამ ხალხმა თუ იცის, რომ დიდი ტკივილების, გაზრდს და გარდატეხის პერიოდები მელანქოლიამ შეისრუტა, რომ დიდი ვნებათაღელვების დრო დასრულდა, რომ ცხოვრება ვეღარასდროს დაგვარტყამს ისე, რომ დარტყმის ინერციამ აღელვებამდე მიგვიყვანოს.  

ოდესღაც ვოცნებობდი რთული ბიოგრაფია მქონოდა. მგონი ეს ნატვრა ავისრულე, გააჩნია საკითხს რა კუთხით შევხედავთ. მაგრამ, საქმე იქამდე არასდროს მიმიყვანია ცხოვრებას მწარე სილა გაეწნა. არც ასეთი სულელი ვარ სამყაროს ჩემი, უნიკალური არსების, რადიკალურად შეტრიალების შანსი მივცე. ჰოდა დღეს ამაყად განვაცხადე, რომ არაფერს არ ვნანობ და არაფრის ფასად არ გავცვლი ჩემს ცხოვრებას სხვაში.  

სახლში ვბრუნდები. დილისგან განსხვავებით, ყოველ საღამოს ვფქრობ, რომ ცხოვრება ფიქციაა. არ აქვს მნიშვნელობა დაეცემი თუ ადგები, ალოცენტრული იქნები თუ იდიოცენტრული, დებიუსს მოუსმენ თუ ჯარეტს. დღის ბოლოს ვხვდები, რომ ტყუილია ჩემი ყველა აღფრთოვანება. არ მსურს დაჯერება, მაგრამ ვიჯერებ.  უნდა დაიჯეროთ, თქვენც უნდა დაჯეროთ, რომ მკვლევარების მიერ შემუშავებული მე-კონსრტუქციების და კულტურალური ინდივიდუალიზმი/კოლექტივიზმის ინდივიდუალური დონის საზომის მეთოდი სისულელეა, სისულელეა მილიონებად ნაყიდი ნახატები და ყოველ დილით ტუჩის კონტურის წასმაც.   

სულ ეს იყო რაც უნდა მეთქვა.  

და კიდევ ერთი... ღამით, დაძინებამდე ყოველთვის ვიხსენებ , რომ ცხოვრებაში აუცილებელი სისულელეები არსებობს! 


                                   Melancholy, 1894 by Edvard Munch

Comments

Popular posts from this blog

ჯემალ ქარჩხაძე - ქარავანი

აკა მორჩილაძე - ობოლე

სოციალური გავლენის სახეები და მათი მოქმედების მექანიზმები