როდესაც კარს ვხურავთ.

პირველი იმედგაცრუება (სტანდარტული, არატრავმირებული ბავშვობის შემთხვევაში) ალბათ მაშინ ჩნდება, როცა აღმოაჩენ, რომ დიდი ხარ და შესაბამისად დამოუკიდებლად უნდა გააგრძელო ცხოვრება. დამოუკიდებლად ცხოვრება პირველ რიგში გადაწყვეტილებების მიღებას და ამ გადაწყვეტილებების მკაცრ თუ წარმატებულ შედეგზე პასუხისმგებლობის აღებას გულისხმობს.

ჩნდება პრობლემებიც. გაუთვალისწინებელი, მოულოდნელი.
რას აკეთებ დღეს და რა უნდა გაკეთო ხვალ?...მკაცრი გათვლები თითოეული დღის, წუთის, წამის.

დანარჩენი არავის ადარდებს. დანარჩენი უკვე ბავშვობაა.
ოცნებებისგან დაცარიელებული ოთახი.
ნაცნობების, მეგობრების და ახლობლების მიერ განხორციელებული ათასი აქტივობა, ოღონდ სოციალურ ქსელში.
ქუჩაში ისევ პასიურობა,
ტანში დაღლილობისგან სისუსტე და ფსიქიკაში მხოლოდ ნაცრისფერი ფერები. ნებისმიერი მცდელობა დღე გააფერადო - ინფანტილიზმია.
ხალხი არა, ხალხი არაფერშუაშია, თავად ვერ ვპატიობთ საკუთარ თავს.



მერე იწყება სისტემატიზირებული ბოდვები, დევნის მანია.
ფროიდის შესახებ გვსმენია, ფსიქოლოგიც ბევრია, თუმცა კულტურა არ არის.
უკანასკნელი სიტყვა ყოველთვის კულტურას ეკუთვნის, როცა საქმე ემოციურ პატერნების ტიპებს ეხება.
კულტურა კი სტიგმატიზირებულია.
შესაბამისად ფსიქოლოგებიც უარყოფილნი.

არადა ჩვენს ნევროზებს დინამიურობა ახასიათებს.
უკეთ რომ ვთქვათ, თავს გვახსენებენ, მოქმედებაში მოდიან.
ჩვენ კი ამ დროს უკვე ნაპოვნი გვყავს ავტორიტეტი, რომელიც მზამზარეულს გვთავაზობს "წესიერ ქცევას."
გარემოს სპეციფიკურობიდან გამომდინარე, "კარგი ქცევის" ზუსტი დეფინიცია არ არსებობს, ინდივიდის ყველა აქტივობა, ჯანსაღიც და დევიანტურიც კონტექსტუალურია, შესაბამისად ყველა ავტორიტეტი, რომელიც ზუსტ ფორმულირებას გვთავაზობს მისაღები ქცევის თუ მოქმედების, მატყუარაა!
ჩვენი ფსიქიკა კი დრამებით არის სავსე.
განტვირთვას ითხოვს.
სექსუალური ენერგიის ნორმალურ დაკმაყოფილებას უშედეგოდ ელოდება.

აგრესიას განზრახ არ ვეხები.
არც პოლიტიკას.
მაგრამ ხალხი უცნაური სახის პარაფილიით იტანჯება. ამას შეიძლება ვიზიონიზმიც დავარქვათ, ოღონდ ამ შემთხვევაში ეს გულისხმობს მეორე მხრიდან (ტელევიზიიდან, სოციალური ქსელიდან თუ ფანჯრიდან) აგრესიის ყურებას და ამ ყველაფრის როგორც ინტიმური ქმედების აღქმას.
ამ ქცევის შედეგიც ორგაზმია.
ხოლო თავად ჩვენი ცხოვრების ქმედებები კი უშედეგო.

ბოლო პერიოდში ხშირად მახსენდება პოლონელი რეჟისორის კშიშტოფ კიშლოვსკის ათი მოკლემეტრაჟიანი ფილმი - "დეკალოგი".
მეჩვენება, რომ რაღაცით ვგავართ იმ ადამიანებს.
რომ მათსავით გრძნობების, შინაგანი სამყარო გამოხატვის კომპლექსი გვაქვს.
გვეშინია ბრალი არ დაგვდონ, არ გაგვასამართლონ, შემთხვევით არ აღმოაჩინონ, რომ სულში მიკროტრავმები გვაქვს, გულში კი საიდუმლოებები.

კიშლოვსკი დეკალოგზე წერდა; "ახლა ჩემთვის უფრო საინტერესოა, თუ როგორ მოიქცევა ადამიანი სახლში დაბრუნებისას, როდესაც მიხურავს კარებს და საკუთარ თავთან მარტო რჩება."

ალბათ დროა ვიფიქროთ როგორ გამოვიყენოთ ბოძებული თავისუფლება.
დროა ჩავიხედოთ დისტრესის მიღმა, მოვუსმინოთ ჩვენს მოთხოვნილებებს და უკუვაგდოთ ყოველ ღამე, დაძინების წინ "ამ ქვეყნიდან გაქცევა" როგორც ერთადერთი, უალტერნატივო გამოსავალი.

მე ვფიქრობ, დროა დავფიქრდეთ რა ხდება მაშინ, როდესაც სახლში დაბრუნებისას მივხურავთ კარს და საკუთარ თავთან მარტო ვრჩებით.....











Comments

Popular posts from this blog

ჯემალ ქარჩხაძე - ქარავანი

აკა მორჩილაძე - ობოლე

სოციალური გავლენის სახეები და მათი მოქმედების მექანიზმები