შემოდგომის სონატა
ალბერ კამიუ წერდა - "მსოფლიოში რომ ყველაფერი ცხადი იყოს ჩვენთვის, მაშინ ხელოვნებაც არ იარსებებდა." - ეს
გამონათქვამი მიგვანიშნებს, რომ ხელოვნებას შეუძლია ადამიანის მრავალ კითხვას პასუხი გასცეს. მართლაც, ჩვენი ხელოვნებით დაინტერესების ერთ-ერთი მიზანი ცხოვრების სხვადასხვა მოვლენის თუ საიდუმლოს ცხადად დანახვაა. ხელოვნებას უფრო მეტი ძალა აქვს, ის ფლობს მაგიურ, ამოუხსნელ ენერგიას შეავსოს და ამოწუროს თემები, რომელსაც მეცნიერება ვერ სრულყოფს. ხელოვნების ამგვარ თვალსაჩინო მაგალითად შეიძლება დავასახელოთ კინო.
ჩემს
ფილოსოფიას აღარ გავაგრძელებ, უბრალოდ დღეს მთელი დღე წვიმს, მე კი აღმოვაჩინე, რომ მაინცდამაინც ბევრი საქმე არ მაქვს (ასეც ხდება ხოლმე) და გადავწყვიტე კიდევ ერთხელ მენახა ირგმან ბერგმანის შემოქმედება. აქვე დავამატებ იმასაც, რომ ბერგმანი ყოველთვის ფსიქოლოგი მეგონა. უფრო სწორედ - "კინოფსიქოლოგი", ან "კინომატოგრაფიის ფროიდი." მოკლედ, მინდა ვისაუბრო ცნობილი შვედი რეჟისორის ირგმან ბერგმანის "შემოდგომის
სონატაზე".
ფილმი დაძაბული სიმშვიდით იწყება. სივრცე, სადაც თითქმის მთელი სიუჟეტი მიმდინარეობს, ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს რეჟისორმა წინასწარ შეარჩია თერაპიული ატმოსფერო. ფილმის მოქმედი გმირები არიან ცნობილი პიანისტი შარლოტა და მისი ქალიშვილები - ევა და ჰელენი. შარლოტა წარმატებული ქალია, კარგი კარიერა აქვს, მაგრამ მისი ბუნება დამანგრეველია, ის ანადგურებს გარშემო ყველას ცხოვრებას. ფილმის მიწურულს ევა პირდაპირ ეუბნება დედას, რომ საზოგადოებისთვის საშიშია და აუცილებელია სხვებისგან იზოლირებული იყოს. თავად ევა და მისი და ჰელენი შარლოტას დანგრეული პიროვნების ორი სხვადასხვა გამოხატულებად შეიძლება ჩავთვალოთ. ის აუტანელი სიმარტოვე და შეუმდგარი პიროვნულობა, რაც ევას სულს ახასიათებს, თითქოს ჰელენის ფიზიკურობაში ვლინდება. მძიმე სანახავია ჰელენის ექსპრესია. აქვე უნდა აღინიშნოს მსახიობების, განსაკუთრებით კი ლივ ულმანის უძლიერესი შესრულება. (ინგრიდ ბერგმანზე აღარაფერს ვამბობ). კარგად მუშაობს ოპერატორიც, რომელიც ახერხებს მაქსიმალური სიზუსტით დაგვანახოს შოპენის მუსიკის ფონზე პერსონაჟების ემოციები. საბოლოო ჯამში მთელი შემოქმედებითი ჯგუფი გვაძლევს ემპათიის საბაბს. ჩვენ ვუთანაგრნობთ გმირებს მთელი ფილმის განმავლობაში.
ცნობილი ფსიქოლოგის, ინდივიდუალური ფსიქოლოგიის ავტორის, ალფრედ ადლერის აზრით არასრულფასოვნების ერთ-ერთი ფაქტორი აღზრდაა. ევას და შარლოტას დიალოგი და რეტროსპექცია ნათლად გვაჩვენებს, რომ წარუსლში გაურკვეველი იყო ოჯახური კონსტელაცია. დიალოგში შეუძლებელია ვერ დავინახოთ ფროიდის ოიდიპოს-ელექტრას კომპლექსი და გრძნობათა ამბივალონტობა, თუმცა ჩემთვის ეს თემა ნაკლებად საინტერესო აღმოჩნდა და მოცემულ დიალოგში ყურადღებას თავად შარლოტას ფსიქოლოგიური მდგომარეობა იქცევს. როგორც აღმოჩნდა ცნობილი პიანისტი თავად განიცდის არასრულფასოვნებას და მისი, როგორც დედის სწრაფვა ძალაფლებისაკენ ერთგვარ ჰიპერკომპენსაციის მექანიზმად შეიძება ჩაითვალოს. ფილმის დასაწყისში პერსონაჟები თითქოს გაურბიან წარსულის მოგონებებს. ევა საკუთარ ქმართან დიალოგის დროს ამბობს: "არ
გაიხსენოთ წარსული, საბავშვო ოთახს გააღებ და უზარმაზარი მოჩვენება შემოგახტება." მართლაც, ფილმის მსვლელობისას კარგად ვხვდებით, თუ რაოდენ ძნელია წარსულის ტკივილებს ხელმეორედ შევეხოთ. და ზოგადად, ფილმი გვაჩვენებს ადამიანად ყოფნის სირთულეს.
ინფანტილურობა-კიდევ ერთი პრობლემა რასაც ბერგმანი შემოდგომის სონატით გვანახებს. ევას ქმარი, ვიქტორი ცოლთან საუბრისას ზრდასრულობის საინტერესო ფორმულირებას გვთავაზობს. ის ამბობს, რომ ზრდასრულობა მისწრაფების, იმედის და ოცნების მოთოკვას გულისხმობს. ფილმის მსვლელობისას ვხვდებით რამდენად ვერშემდგარი უფროსები არიან პერსონაჟები, განსაკუტრებით კი შარლოტა, ის თავადაც აღიარებს ევასთან დიალოგისას, რომ არ გაზრდილა. (საერთოდ, ჩემი აზრით ფილმში ერთადერთი ნამდვილად ზრდასრული პერსონაჟი ვიქტორია)
კარლ იუნგი ნევროზს პიროვნული განვითარებისთვის აუცილებელ მოვლენად თვლიდა. მოცემულ შემთხვევაში პერსონაჟთა ნევროტულობის დადებით ეფექტს მძიმე ბავშვობის დამანგრეველი ძალა ჯაბნის. მნიშვნელოვანია შევეხოთ ევას გარდაცვლილ შვილს და თავად ევას დამოკიდებულებას შვილის სიკვდილზე. ელიზაბეტ-კიუბლერ როსი, რომელიც ადამიანის სიკვდილზე ფსიქოლოგიურ რეაქციებს შეისწავლის გვთავაზობს რამდენიმე სტადიას, ევა პირველ სტადიაზე, - უარყოფაზე ჩერდება. ის არასწორ თავდაცვით მექანიზმს არჩევს რაც შესაძლებელია სწორედ მისი შეუმდგარობით აიხსნას.
დასასრულს ისეთი განცდა გვეუფლება თითქოს წრეში აღმოვჩნდით, თითქოს თავიდან იწყება ყველაფერი და თანდათან ვხვდებით, რომ წარსულს ვერსად გავექცევით. სხვაგვარად რომ ვთქვათ - "წარსული ყოველთვის წინ გველოდება". ბერგმანი მოხერხებულად იყენებს ფილმის "მაგიურ ძალას", იმის ასახსნელად თუ რა წარმოშობს კონფლიქტს და გაურკვევლობას პიროვნებად ქცევის დროს. ბერგმანის პერსონაჟები ბევრად უფრო გასაგებს და მარტივად ასახსნელს ხდიან ისეთ რთულ ფსიქოლოგიურ თეორიას, როგორისაა ბოსის გაუკრვეველი (ბუნდოვანი) დანაკარგი. მხატვრულად რომ ვთქვათ ესაა მდგომარეობა, როდესაც საკუთარ თავში მიწისძვრასაც და ომსაც ერთდროულად გრძნობ, როცა გრძნობ, რომ საყვარელი ობიექტი შენთანაა, მაგრამ შენთან მაინც არ არის. ბერგმანი ამგვარ ბუნდოვანებაში გვახვევს და ამ ფილმით კიდევ უფრო ამყარებს ჩემს რწმენას იმის შესახებ, რომ ის ნამდვილად დიდი ფსიქოლოგია. :):)

Comments
Post a Comment