ჩვენი დროის თანატოსები

  ფროიდი ამბობდა, რომ ადამიანს ორი ინსტიქტი წარმართავს - ეროსი და თანატოსი (სიკვდილი და სიცოცხლე) . მისი აზრით აგრესიულობის მიზეზი სიკვდილი ინსტიქტში უნდა ვეძიოთ.
  მოგვიანებით, სოციობიოლოგებმა აგრესია ახსნეს ევოლუციური თეორიის პოზიციებიდან და დაასკვნეს, რომ აგრესია ეხმარება ყველა ცოცხალ ორგანიზმს სასურველი მიზნის მიღწევაში.
 მეცნიერების ინტერესი აგრესიის მიმართ რა თქმა უნდა ამით არ ამოწურულა, მაგრამ, ჩემი აზრით ეს ორი თეორია საკმარისია "ქართველ თანატოსებზე" საუბრისთვის.
  როგორც ჩემმა მრავალმხრივმა დაკვირვებებმა აჩვენა, ჩვენს ქვეყანაში, მოსახლეობის უმრავლესობაში, განსაკუთრებით კი  მდედრობითი სქესის ახალგაზრდებში აგრესია ერთადერთი უალტერნატივო გზაა სასურველი მიზნის მიღწევისთვის. არ ვიცი დამეთანხმებით თუ არა, მაგრამ გოგონა, რომელიც გამუდმებით ცდილობს "დაჩრდილოს", დაჩაგროს, ან უბრალოდ რაიმე გზით გააღიზიანოს სხვა ( ხშირ შემთხვევაში აგრესია აგრესორის ფრუსტრაციის შედეგია და ადრესატი შემთხვევითობის პრინციპითაა შერჩეული) და ამით მიაღწიოს თუნდაც მცირედი ყურადღების მიქცევას, არაფრით განსხვავდება ცხოველისგან, რომელიც თავისი ცხოველურ მეთოდებით ცდილობს თავი გადაირჩინოს ველურ პირობებში.
  დღეს, დიდი კონკურენციის და პროგრესის პირობებში, ინსტრუმენტალურ აგრესიას "დიდი მომავალი" აქვს. ერთი შეხედვით ამგვარი აგრესია ბევრად სჯობია თანდაყოლილ და თვითმიზნად ქცეულ ძალადობრივ ქმედებებს, თუმცა პრობლემას მოსახლეობის ანტისოციალურობა წარმოადგენს. უფრო გარკვევით რომ ვთქვათ დღეს ქართველი გოგონების ქცევა როგორც წესი "ინსტრუმენტალურ-ანტისოციალურია." უფრო მეტიც, რაოდენ სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს, ხშირ შემთხვევაში გოგონების უმრავლესობა საკუთარ უნიკალურობას სწორედ ზემოთხსენებულ ქმედებებში ხედავს და ყოველდღიური ტერმინოლოგიით ამას "რთულ ხასიათს" არქმევს. ეს "რთული ხასიათი" ბევრი მათგანის აზრით არც მეტი არც ნაკლები საინტერესო პიროვნებას უდრის. "მე ძალიან რთული ხასიათი მაქვს", "მაგას პროსტა მოვკლავ", " მე არ ვარ ამ ყველაფრის მომთმენი" - ამ ფრაზების გარდა ქართველი "მოვლილი" მანდილოსნების აგრესია სახის საოცარ ექსპრესიულობაშიც ვლინდება. დღეს მრავლად შეხვდებით ქალებს შემდეგნაირი სახის გამომეტყველებით - "როგორ შენ რა "ზაგარი" ჯერ კიდევ არ გაქვს?" , "რა გაცვია?!", აღარაფერს ვამბობ ფეისბუქით ერთმანეთის ლანძღვა-გინებაზე, რომელიც მუდმივად ერთი, ჯადოსნური სიტყვით იწყება, - "ზოგიერთები".
  აქვე, ზედმეტი კითხვებისგან თავის ასარიდებლად, საჭიროდ ვთვლი განვმარტო აგრესია - საღი აზრის დონეზე ეს არის ქცევა, ან განზრახვა ქცევისა, რომელიც მორალურ, ფსიქოლოგიურ, მატერიალურ ან ფიზიკურ ზიანს მიაყენებს სხვას. შეიძლება ბევრს გაეცინოს კიდეც, ახალგაზრდა გოგოს "როჟის მოკერვას" როგორ არქმევო აგრესიას, მაგრამ თუკი ამ "დაყენებული სახის" მიღმა კარგად ჩავიხედავთ, დარწმუნებული ვარ ჩვენი ქვეყნის და კულტურის უბედურების ერთ-ერთ მიზეზამდე მივალთ. ბევრი იმაზეც შემეკამათება და იტყვის, რომ ჩვენ ყველას გვაქვს ნიღაბი და ჩვენი მორგებული როლი საზოგადოებაში. ჰოდა თუკი ასე ერთნაირი ნიღბები გვაქვს არჩეული მით უარესი ჩვენთვის.
 საინტერესოა რომელი სოციალური და სიტუაციური ფაქტორები ახდენენ გავლენას ქალთა ამგვარ ქცევაზე. თუკი ფრუსტრაცია-აგრესიის ჰიპოთეზას მივყვებით. აგრესიამდე ყოველთვის ფრუსტრაციას მივყავართ, აგრესიას იწვევს დათრგუნული სირვილები, მღელვარება, გამოუვალობის და სასოწარკვეთილების მდგომარეობა. აი ჩვენი დროის თანატოსების ნამდვილი სახე. აი ჩვენი უბედურებაც! თუკი ჩემი დასკვნები მცდარი არ არის, გამოდის, რომ ქალები დღეს, ინდივიდუალისტურ კულტურასთან ჩაბღაუჭების ამდენი მცდელობის მიუხედავად, ისევე დაჩაგრულები არიან, როგორც ადრე. გამოდის რომ არაფერი შეცვლილა, რომ ქართველი ქალებისთვის არასდროს უსწავლებიათ როგორ მოიყვანონ დაგროვებული აგრესია სოციალურად სასარგებლო ქცევაში, გამოდის, რომ ჩვენს რთულ ხასიათს არაფერი აქვს საერთო საინტერესო პიროვნებასთან, რომ ამ გზით ვერასდროს მივაღწევთ სუბლიმაციას და ფროიდის " ჰიდრავლიკური თეორიის" თანახმად ერთ დღესაც უბრალოდ აფეთქდება ჩვენი ფსიქიკა. შესაძლოა ეს ყველაფერი მამაკაცებზეც ვრცელდება, მაგრამ ქალებზე უფრო.
  გამოსავალი კი ერთია და ის მოკლედ შეიძლება ჩამოყალიბდეს - უნდა შევძლოთ და შევეშვათ სიკვდილის ღმერთობანას თამაშს.
სიცოცხლე სიყალბეა, მოჩვენებაა, ვიდრე ქვეყანაში გამოპრანჭული თანატოსები დადიან.

Comments

Popular posts from this blog

ჯემალ ქარჩხაძე - ქარავანი

აკა მორჩილაძე - ობოლე

სოციალური გავლენის სახეები და მათი მოქმედების მექანიზმები