სკაფანდრი და პეპელა - ფრაგმენტები მარტოობიდან

"რაც უფრო უახლოვდებით ჭეშმარიტებას, მით უფრო იზრდება თქვენი მარტოობა. დიდებული შენობაა, თუმცა უკაცრიელი. ცარიელ დარბაზებში დააბიჯებთ, ნაბიჯების ხმა ექოდ გიბრუნდებათ. ჰაერი გამჭვირვალეა და უძრავი; საგნები გაქვავებულებს ჰგვანან. დროდადრო ტირილს იწყებთ, იმდენად ულმობლად წმინდა და თვალისმომჭრელია ის, რასაც ხედავთ. უკან, არცოდნის ნისლში, დაბრუნება გსურთ, მაგრამ გულის სიღრმეში იცით, რომ უკვე გვიანია.
განაგრძეთ. ნუ შეგეშინდებათ. ყველაზე ცუდი უკან დაგრჩათ. რა თქმა უნდა, ცხოვრება კიდევ დაგანგრევთ, მაგრამ მასთან აღარაფერი გესაქმებათ. გახსოვდეთ: თქვენ ახლა მარადისობის პირისპირ იმყოფებით."
მიშელ უელბეკი
I
საოცარი გამოგონებაა საცხოვრებელი კორპუსი, გამუდმებით მეზობლების მოძრაობა გესმის. თავიდან ოდნავ ღიზიანდები ამ მოძრავი ხმაურით, მერე ეჩვევი და დროსთან ერთად შენი ემოციები ორმნიშვნელოვანი ხდება. თანდათან გსიამოვნებს იმის შეგრძნება, რომ შენ შეგიძლია მარტოობა მრავალი ადამიანით "აღჭურვილ" დიდ შენობაში.

II
მერე, საღამოს სახლიდან თუ გამოხვალ და უცნაურ გარეუბნებს დააკვირდები დაინახავ ცხოვრების "მტკიცე დინამიურობას", იხილავ სიცოცხლეს ფართოდ გაშლილი ხელებით და სადღაც შესაძლოა სიკვდილის შესახებაც მოსმინოთ რამე. უფროსები მუდმივად ძველ საოცარ სამყაროზე და უტოპიურ თანასწორობაზე საუბრობენ, გესმის ტრილი ძველ დროზე და თუ ერთხელ მაინც გიოცნებია თავისუფლად, აუცილებლად სირცხვილის გრძნობით დაბრუნდები შინ.
მათ მაგივრად შეგრცხვება.

III
ჟან დომინიკ ბობი ხომ გახსოვთ, "ელლე ფრანსეს" რედაქტორი? მან შეძლო და თავისი შნაგანი სამყარო პარალიზებულმა გადმოსცა. აი ჯეიმს-ლანგე კი თავის სხეულებრივი რეაქციის თეორიაში ამტკიცებს, რომ სტმულის ზემოქმედება იწვევს ფიზიოლოგიურ აღგზნებას და მხოლოდ ამ სხეულებრვი რეაქციების განცდით ყალიბდება ემოცია. რომელს უნდა დაუჯეროს ადამიანმა? ლანგეს კვლევის შედეგებს თუ შნაბელის ფილმს დომინიკ ბობის შესახებ? 

IV
კრიზისში ხარ. ემოციებმა თავისი უპირველესი - მოტივაციური ფუნქცია დაკარგეს. სირთულეთა ტალღებმა მოქმედების შესრულების ხარისხი დააქვეითეს და ყველა გრძნობამ სოციალური ფუნქცია დაკარგა. ხარ ადამიანი, რომელსაც ოდესღაც რაღაც სტკიოდა, რომელსაც ოდესღაც სჯეროდა და ასე შემდეგ... მაგრამ კადრი სადღაც შუაში გაწყდა.. რაღაც ერთბაშად დამთავრდა და სტიქიაგამოვლილივით გამოფიტული შერჩი უცხო პლანეტის ზედაპირის მსგავს უცნაურ ნაპირს. უფრო მარტივად ამას დეინდივიდუალიზაცია ქვია. თანდათან უფრო შორიდან გესმის მეზობლების ხმაურიც, უფროსი თაობის უტოპიუ-დისტოპიური აზრებიც და გრძნობ თანდათან პარალიზებისკენ მიდიხარ, გრძნობ თანდათან ნებდები და ინსტიქტურად ცდილობ სოციალური როლის შენარჩუნებას. 
V

რეალიზაცია, სოციალური ინტეგრაცია და ყველა ამისთანა სიტყვა მხოლოდ თვითნუგეშისთვის მოგონილი სიტყვებია. სინამდვილეში არავინ იცის როგორ იცხოვროს, როგორ გადარჩეს.. ყველას თავისი უსუსური თეორია აქვს ამ საკითხზე, რომლისაც ბოლომდე რა თაქმა უნდა თავადაც არ სჯერათ.
აი მე ყოველ დილით თავიდან ვიწყებ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას ჩემს უსიცოცხლობასთან. ჩემს თავს ვეუბნები - ჩაებღაუჭე შენში არსებულ ყველა ემოციას, არ გაწირო შენი გრძნობები იდენტიფიცირებისთვის, საზოგადოება გრძნობებს კლავს. მოკვდი თუნდაც მარტოობაში, ოღონდ შენი თავი იპოვე. ბობი რეალური ადამიანი იყო, ის არსებობდა, მან ხომ შეძლო. ეცადე შენც!!!.............
მერე თანდათან  სიტყვები მეკარგება და ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს უელბეკივით "მარადისობის პრისპირ ვიმყოფები." ერთბაშად ვეშვები დღის ბოლოს და ღია თვალებით ბნელ ოთახში მარტოობაში სიკვდილზე ოცნებას ვიწყებ.
მეზობლებს ამ დროს უკვე ძინავთ, მხოლოდ ქარის ხმა მაბრუნებს რეალობასთან, ისიც თანდათან უფრო იშვიათი ხდება, მთელს ძალას ვიკრებ და ვიდრე ძილი საბოლოოდ წამართმევს თავს ღიმილს ვცდილობ.
ასე მთავრდება დღეც და  ემოციების გახსენების უემოციო მცდელობებიც............
აი ასეთია მარტოობა და ჩემი მეგობარი ბეკეტისა არ იყოს აი "ასეც ხდება ამ ბოზ დედამიწაზე" :))))

"Hold fast to the human inside of you, and you'll survive"



Comments

Popular posts from this blog

ჯემალ ქარჩხაძე - ქარავანი

აკა მორჩილაძე - ობოლე

სოციალური გავლენის სახეები და მათი მოქმედების მექანიზმები