ხმაური

რაღაც ზამთრის დეპრესიის მსგავსი, სევდიანი ახალი წელია. გარეთ ხმაურია. მსოფლიო ხელებაპყრობილი მშვიდობას ნატრობს. ზოგი ცაში ეძებს საშველს,ზოგიერთს უკვე ეშველა და არ უნდა უკვე ნაპოვნი საამური ცხოვრების დათმობა. მოკლედ, მსოფლიო რაღაც ახლისთვის ემზადება.

პირადად ჩემთვის ეს უბრალოდ ზამთრის მეორე თვის დასაწისია. ან უბრალოდ მეტი შანსი იმისთვის, რომ სახლში, საყვედურების და უცნაური გამოხევების გარეშე მივიღო ალკოჰოლი. ახლა კონიაკს ვსვამ. ვინ იცის რამდენი ხნი წინ დაიწყო ჩემი ალკოჰოლთან ურთიერთობა. თუმცა წერა გაცილებით ადრე დავიწყე, დაახლოებით 13 წლის ასაკში, მაგრამ ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა იმის შესაფასებლად, რომ წიგნის კითხვა და ღვინის სმა კი არ გავს ერთმანეთს, ალკოჰოლის მიღება და წერა უფრო ემსგავსებიან. იმ ადამიანთა რიცხვს არ მივეკუთვნები ყოველი წლის დასასრულს რაღაც ვრცელი ჩამონათვალი რომ აქვთ განვლილი წლის ამბების, თანაც დადებით და უარყოფით კატეგორიებად დაყოფილი. მერე აჯამებენ, დასკვნა კი ყოველთვის მილოცვის და მომავლის იმედით მთავრდება.

ტელევიზორში შეუსვენებლად იცინიან. ეკრანის ყურება მხოლოდ ჩემს ნახვერად მკვდარ ლეპტოპზე მომწონს, მაგრამ მაინც შევხედე ტელეეკრანს. ის კაცი ალბათ რუსი იყო. ალბათ არა, ნამდვილად რუსია. უცნაური სტილი აქვს და მეტად დაბერილი ძარღვები. მე კი იმ დროს ლოგიკაზე ვფიქრობდი. მანამდე უნამუნოსთან მქონდა წაკითხული, რომ ლოგიკა სხვა არაფერია, თუარა სენსუალურობის ერთ-ერთი სახესხვაობა. სენსუალურობის რა გითხრათ, მაგრამ პათეტიკა მძულს. აი იმიტომ არ წავედი არსად. პათეტიკაა მთელი აურზაური, რაც ახალ წელს ახლავს თან.

კონიაკი საწრუპად კარგია, მაგრამ ლუდსაც სიამოვნებით დავლევდი. ბოლო დროს ხშირად ვღიზიანდები. უცნაურად ამეკვიატა ფიქრი, რომ სხვებისნაირი არ ვარ, რომ რაღაც უცნაური, ჯერარგამოგონილი დაავადება გაპიროვნდა ჩემში. სინამდვილეში კი ალბათ აუტიზმი მჭირს. აი ამას როცა ვიხსენებ ნერვიულად დავდივარ ოთახში წინ და უკან.

ნინის მივწერე. ძველი დღეებისგან განსხვავებით, ძველი მეგობრები მიყვარს. ვმუშაობო. მაინც რა საშინელებაა მუშაობა ახალ წელს.
გარეთ ისევ ფეთქდება ახალი იმედები.
დიდი ხმაურია.
ახალი ფარდების შემდეგ საკმაოდ ბნელა ჩემს ოთახში.
კონიაკი გათავდა.
ავდგები, გავალ.




Comments

Popular posts from this blog

ჯემალ ქარჩხაძე - ქარავანი

სოციალური გავლენის სახეები და მათი მოქმედების მექანიზმები

აკა მორჩილაძე - ობოლე