შენი ცხოვრება ზღაპარია
„სად იყავი, როცა დედამიწას ვაფუძნებდი... როცა გალობდნენ დილის ვარსკვლავები და ყიჟინებდნენ ანგელოზები?"
იობი. თავი 38.
ბევრი ვიფიქრე და მოკლედ მინდა ვთქვა, რომ ჩემი აზრით, პიროვნული განვითარების და სამყაროს შემეცნების ჩემეული ეტაპები შესაძლებელია განვაზოგადო და ვეცდები (მეცნიერული მეთოდებისგან გვერდის ავლით) შემოგთავაზოთ ისინი:
პირველი ეტაპი გაკვირვებაა, აღმოჩენა იმისი, რომ ვიღაც ძალიან ჭკვიანი ადამიანი არსებობდა, ის ვინც ლამაზად აღწერდა, წინასწარმეტყველებდა და ყვებოდა სხვადასხვა ამბებს, არსებობდა ის, ვისაც შეეძლო ეს ამბავი დაეხატა, გადაეღო კადრებად და ასე შემდეგ... ერთი აღმოჩენა და მისი თანმდევი განცდები იგივე შეგრძნების აღმოცენების სურვლის აღგიძრავს და ეს პროცესი სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება შენთვის.
მეორე ეტაპი იმედგაცრუებაა. რომელიც ობიექტურ გარემოსთან გვაჯახებს და ხშირ შემთხვევაში ამ ეტაპზე სამუდამოდ გვტოვებს.
ჩემი მეორე საფეხურიც საკმაოდ რთული იყო. მაგალითად, პიროვნულ აშლილობას რომ სახელი ჰქონდა ცოტა გვიან გავიგე, უნივერსიტეტში. მოგვიანებით, უკვე ვფიქრობდი, რომ ბავშვობიდან ზედმეტად ვიყავი ჩართული მხატვრულად დაწერილ ლიტერატურაში, სინამდვილეში კი ცხოვრება პიროვნული აშლილობებისგან, რთული ინპერპერსონალური ურთიერთობებისგან, ჩავარდნებისგან, პოლიტიკისგან და ქრონიკული უბედურების განცდისგან შედგებოდა.
ამ დროს აღმოჩენები რა თქმა უნდა გრძელდება, ოღონდ ემოციური დისბალანსის ფონზე სადღაც უგზოუკვლოდ იკარგება. ჩვენ ამ ეტაპზე ბერგმანის კინოს გმირებს ვგავართ, სადაც ჩვენი ყველა ქმედება ჩვენივე სიმარტოვის ანარეკლია.
მესამე ეტაპი დაძლევაა. დაძლევაა იმ დამთრგუნველი ყოველდღიურობის, იმ ჩავარდნების, ტყუილების, რასაც წინა საფეხურებზე შევეჯაეთ. ამ ეტაპს ბევრი ადამიანი როგორიც წესი ხშირად მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერ აღწევს. ეს სიმშვიდეა. ის სიმშვიდე, რომელსაც ჰერმან ჰესე ნარცისის გმირით გადმოსცემს და რომელიც ყოველი გათენებისას საკუთარ თავთან ბრძოლით ხელახლა უნდა მოიპოვო. ყოველ გათენებასთან ერთად ძველი აღთქმის ავტორის ირონიულ შეკითხვას - "სად იყავი მაშინ, როცა დედამიწას ვაფუძნებდი?" - ამაყად უნდა გასცე პასუხი. ეს პასუხი კი ასე ჟღერს:
"- ჩემი ცხოვრება ზღაპარია! მე შემიძლია უძლეველი ურჩხულების, ბავშვობის ტრავმების, აუხდენელი ოცნებების მიუხედავად შევეხო სიცოცხლის საწყისის იდეას. მე იქ ვიყავი როცა სამყარო იქმნებოდა, უფრო მეტიც, ის მე შევქმენი. მე დღემდე ვქმნი მას და მისი აღსასრულიც ჩემით შემიძილია განვსაზღვრო."
ერთხელ აგატა კრისტიმ თქვა: "დამღლელია იმ ადამიანთან ურთიერთობა, რომელიც ყოველთვის მართალია". ალბათ ეს საუკეთესოდ განსაზღვრავს, რომ იმ ყველაფერს, რაც ყოველდღიურობაში ხდება, არც ისე დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორსაც ვანიჭებთ.
ჩვენი ცხოვრება ზღაპრულია.
ჩვენ შეგვიძლია მეორე ეტაპი გადავლახოთ.

Comments
Post a Comment