ერთ მშვენიერ დღეს
"If you want the rainbow, you must have the rain." მოყოლა ალბათ იქიდან უნდა დავიწყო, რომ რამდენიმე ხნის წინ როგორც იქნა ბოდბეში ჩავედი. მიყვარს ეს სოფელი. სხვა ვერ გაიგებს ამ სიყვარულს. ჩემი ახნის უნარი კი ამგვარ საკითხებში მოიკოჭლებს, ამიტომ დარჩეს ყველაფერი ისე, როგორც არის. მოკლედ, სიცხიანი ჩამოვედი. იმუნიტეტმა ამჯერადაც მიმუხთლა. მაინც რა უბედურებაა სუნთქვის გაძნელება, ცხელება, გმინვა და ოხვრა. აი კომფორტის საზღვრებიდან რომ გამოგიყვანს და ბრძოლაში მიწასთან გაგასწორებს, ისეთი ვირუსი მჭირდა. საშინელია გაზაფხულის დღეები. სულ რაღაცის მოლოდინში ხარ. სიყვარული, თბილი დღეები, წვიმები, ვნებათა ღელვა (რამდენადაც ეს შესაძლებელია), ყველანაირი აურზაური. ხმაურია. სენტიმენტალური არ ვარ, (უფრო აზროვნებითი სფეროს, მომცრო ზომის, ერთი შეხედვით ადვილად დასაძლევი და უმწეო ქალი ვარ), მაგრამ ხომ არის გაზაფხულის სადიზმით გაჟღენთილი, თავდასხმისთვის სამხედრო მზადყოფნაში მყოფი დღეები, როცა ცა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე იღრუბლება და უბრალოდ თვალები გინდა დახუჭო. არა, ძილს ...